logo_geo
eng_logo
საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნოს
- +

27 მაისი. 2018. 19:55

 

 

საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნოს.

 

„მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

 

აღნიშნული სიახლე ახალი რედაქციის კონსტიტუციას უკავშირდება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აღარ ეკრძალება იყოს იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ დაკარგვას არ იწვევს.

 

კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებს, თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

 

თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული და არსებობს ერთ-ერთ შემდეგი პირობა: საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის მოქალაქეობის მიღებას ის აპირებს და საქართველოს მოქალაქე სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით ცხოვრობს ან მუშაობს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც ის აპირებს.

 

მომზადებული კანონპროექტით სიახლეს წარმოადგენს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება ეძლევა კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს.

 

„მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით წარედგინება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner