ზუგდიდის მერი ლაშა გოგია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გადაცემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საკუთარ facebook-სტატუსზე განმარტებას აკეთებს:
„ვინაიდან ჩემს სტატუსს მოყვა დიდი აჟიოტაჟი, მინდა, საჯაროდ და გარკვევით ვუთხრა ყველას: პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილე გიორგი გაბუნიას გადაცემაში. თუმცა ეს ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პოზიციაა, რომელიც ჩემს პირად გვერდზე გავაზიარე. ვწუხვარ, თუ ეს ჩემი პირადი, ემოციური პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. (სწორედ ამიტომ წავშალე ეს სტატუსი ჩემი facebook-გვერდიდან) ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია და მეც, როგორც მოქალაქეს მაქვს ამის უფლება. ვიმეორებ, ეს არის ჩემი, ლაშა გოგიას პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას“, – წერს ლაშა გოგია.