„მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზირებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული...“ – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მაგრამ... იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა - ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული.
კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი.
და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები - ესაა არა მარტო სარალიძეების და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.
არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი... სამწუხაროდ, ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში... მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში“, - წერს კალაძე.