„ძალიან სწორ აქცენტებზე აგებული განცხადება გამოაქვეყნა საპატრიარქომ „რუსთავი 2“-ის ბოლო პერიოდის ზოგიერთ სიუჟეტთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძირითადი არსი: 1. პროვოკაცია განგებ ხდება დაპირისპირებების გაღვივებისათვის 2. დასავლური ფასეულობები არაა რელიგიური გრძნობების შეურაცხოფის დაშვება.
დავამატებდი, რომ დაპირისპირებები და „ცენზურასთან“ დაახლოებული კომენტარები სჭირდებათ საერთაშორისო სასამართლოში პოზიციების გასაძლიერებლად. აგერ „პრიმაკოვის ფონდიც“ წამოსწიეს, რომლის არსებობა არც არავინ იცოდა, სანამ საპროტესტო აქციაზე არ გამოჩნდა მაუწყებლის ეზოში. არაფერი ახალი, ესაა ნაცმოძრაობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება - გარეთ საქართველოს „ბნელი ძალების“ სათარეშოდ წარმოდგენა, შიგნით საპროტესტო მუხტის შექმნა, რომელიც შესაძლოა კანონს დაუპირისპირდეს და სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება აიძულოს“, - წერს ვოლსკი.