ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს ესაა, ცნობილი გახდა სააკაშვილის სახალხო რაზმის პირველი ხუთეული: მეთაური ნიკა მაჭუტაძე, მეთაურის მოადგილე - ბაჩუკი ქარდავა, ბორტინჟინერი - პაატა დავითაია, გამცილებელი – მეგი გოცირიძე, სმარტფონი – ნიკა მელია. თუმცა დავითაია კატეგორიულად აცხადებს, მე თვითონ გადავიღებო, რასაც ქარდავა არ ეთანხმება, ხოლო გოცირიძე აპროტესტებს, შენ თვითონ თუ გადაიღებ, რაზმეულის პრინციპი დაიკარგებაო“, – წერს ზედელაშვილი.
„უნდა შეიქმნას ქართველი ერის თავდაცვის ორგანიზაცია - დემოგრაფიული თავდაცვის, ფიზიკური თავდაცვის, სამოქალაქო თავდაცვის, დემოკრატიის თავდაცვის, სამართლებრივი თავდაცვის. ეს მშვიდობიანი ორგანიზაცია უნდა იყოს.
ჩვენ უნდა შევქმნათ ქართველი ერის ზეპარტიული თავდაცვის ორგანიზაცია. დავივიწყოთ პარტიები, უნდა შევქმნათ 5-5 კაციანი ჯგუფები, ყველა 5-კაციან ჯგუფს უნდა ჰყავდეს სამოქალაქო მეთაური.
რა არის ხუთკაციანი ჯგუფი? ერთი ადამიანი სმარტფონით. ერთი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომელსაც აქვს სმარტფონი და შეუძლია მსოფლიოსთან დაკავშირება, ვიდეოების გადაღება, ინფორმაციის გაცვლა. ერთი ადამიანი დაარიგებს პლაკატებს და გაზეთებს. ერთი ადამიანი იქნება მანქანის მძღოლი, ერთ ადამიანს ექნება კონტაქტი სხვა ჯგუფებთან და ერთი – სამოქალაქო მეთაური. საქართველო უნდა გაიყოს ასობით და ათასობით 5-5-კაციან ჯგუფებად“, - განაცხადა სააკაშვილმა.