სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოწვევით, თბილისს გაერო-ს კოსმოსურ საქმეთა ოფისის (UNOOSA) კოსმოსური საინფორმაციო პლატფორმის - UN-SPIDER-ის („United Nations Platform for Space-based Information for Disaster Management and Emergency Response") ტექნიკურ მრჩეველთა მისია ესტუმრა. 3 მაისს დელეგაციის წარმომადგენლები საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორ გიორგი ღიბრაძეს, შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი სვანაძეს, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ალექსანდრე რევიას და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის უფროს მრჩეველ რუსუდან კახიშვილს შეხვდნენ.
UN-SPIDER 2006 წელს, სტიქიის პროგნოზირებისა და მონიტორინგისთვის კოსმოსური თანამგზავრების გამოსაყენებლად შეიქმნა. თანამგზავრიდან მიღებული ინფორმაცია შესაძლებელს ხდის სტიქიის პროგნოზს და მონიტორინგს, აადვილებს კრიზისული სიტუაციის დროს გადაწყვეტილებების მიღებას და ზარალის დათვლას. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ქვეყნებს და ორგანიზაციებს, თანამგზავრებიდან მოწოდებულ ყველა ტიპის ინფორმაციასთან ჰქონდეთ წვდომა.
„ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის და გეოსივრცული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესწავლა და მათი შემდგომი განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაა. უნიფიცირებული სივრცითი მონაცემების შექმნა და მათი საჭიროებისამებრ გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვას კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესს", - განაცხადა კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ.
მისიის ხელმძღვანელ ლორან ზარანის ინფორმაციით, მრჩეველთა გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მაღალი დონის სპეციალისტებით.
„გუნდის წევრები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. მათ არაერთი პროექტი აქვთ განხორციელებული სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, რეკომენდაციები, რომლებსაც ისინი ვიზიტის დასრულების შემდეგ გასცემენ, საქართველოს დაეხმარება არსებულ მონაცემთა გაერთიანებაში და განვითარებაში. აღნიშნული სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც კრიზისების პრევენციისთვის, ისე კრიზისის მართვის დროს", - განაცხადა ლორან ზარანმა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრა სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. მისიის წარმომადგენლები სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერულ კერას და მდინარე დევდორაკის ხეობის ღვარცოფულ უბანს დაათვალიერებენ.
გაერო-ს კოსმოსურ საქმეთა ოფისის (UNOOSA) კოსმოსური საინფორმაციო პლატფორმის - UN-SPIDER-ის ტექნიკურ მრჩეველთა მისიის ვიზიტი 6 მაისს დასრულდება.