logo_geo
eng_logo
მალხაზ კაპანაძე: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ქმედებებში გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი
- +

29 მაისი. 2018. 12:47

 

 

პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, პროკურატურამ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნების და საქმეში მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ქმედებებში შესაბამისი სტანდარტით გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პროკურორმა ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა პროკურატურის ყოფილ თანამშრომელზე მირზა სუბელიანზე და აღნიშნა, რომ მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.

 

„აღვნიშნავთ, რომ მედიასივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები წარმოადგენს ზემოხსენებულ საქმეში გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალას, რომელიც მტკიცებულების სახით გადაცემულია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში, შესაბამისად სპეკულირებაა იმაზე საუბარი, რომ ხსენებულ ვიდეოჩანაწერებს მალავდა ბრალდების მხარე. ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია პირი, რომელიც მოძრაობს ცელოფნის პარკით ხელში. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი არის ლ. კ. რომელიც შეეცადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებას. გამოძიებამ აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვა და დღეს ისინი სასამართლოშია წარდგენილი, ხოლო ლ. კ. სხვა 4 პირთან ერთად ბრალდებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

 

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, იგი 2017 წლის პირველ დეკემბერს ნამდვილად იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან შემთხვევიდან 3 საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია, როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნების და საქმეში მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ქმედებებში შესაბამისი სტანდარტით გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოპოვებული მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და აღსრულდეს მართლმსაჯულება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner