შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ამ იარაღით დანაშაულის ჩადენის ფაქტები, რამაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა.
„მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისათვის. ტარება ხდება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, სანქცია იქნება თავისუფლების აღკვეთა. ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციიდან განსხვავებით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა და ეს ქმედებაც საკმაოდ მკაცრად დაისჯება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ან შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის ტარება დაისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით. სისხლის სამართლოს კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.