logo_geo
eng_logo
„მფრინავი ჰოლანდიელი“ - მეზღვაურების მიერ შეთხზული ზღაპარი თუ ტრაგიკული ისტორია დასასრულის გარეშე
- +

4 მაისი. 2016. 10:20


„მფრინავი ჰოლანდიელი" - ეს არის ლეგენდარული იალქნიანი გემი-მოჩვენება, რომელსაც არ შეუძლია მიადგეს რომელიმე ნაპირს და ზღვაში სამუდამო ხეტიალისთვის არის განწირული. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკუთარი თვალით ჰყავთ ნანახი წყალსა და ცას შორის მოძრავი გემი.


ცნობილია, რომ მეზღვაურებს მრავალი ცრურწმენა ახასიათებთ. ერთ-ერთი და უმთავრესი კი „მფრინავ ჰოლანდიელთან" შეხვედრის შიშია. ლეგენდის თანახმად, გზააბნეული გემის ეკიპაჟის წევრები ცდილობენ, სხვათა საშუალებით ხმა მიაწვდინონ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან. ასეა თუ ისე, მეზღვაურები თვლიან, რომ „მფრინავ ჰოლანდიელთან"" შეხვედრა დიდი უბედურების მომასწავებელია.


1700 წელს ჰოლანდიელი კაპიტანი  ფილიპ ვან დერ დეკენი ვესტ-ინდოეთიდან შინ ბრუნდებოდა და თან მოჰყავდა ახალგაზრდა წყვილი. სწორედ ეს მოგზაურობა აღმოჩნდა საბედისწერო ახალდაქორწინებულებისა და გემის ეკიპაჟისთვის. გოგონას სიყვარულით დაბრმავებულმა კაპიტანმა ვაჟი მოკლა და გოგონას ცოლობა შესთავაზა, თუმცა ახალგაზრდა ქალი  ქმრის ერთგული დარჩა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.


კაპიტანმა გვამის პოვნა გადაწყვიტა, ამასობაში კი საშინელი შტორმი ამტყდარა. მესაჭემ კაპიტანს ცოტა ხნით რომელიმე უბეში თავის შეფარება ურჩია. მწუხარებისა და მარცხისგან ჭკუიდან გადასულმა კაპიტანმა  ადგილზე მოკლა მესაჭე და რამდენიმე  უკმაყოფილო მეზღვაური. თანაც იქვე დაიფიცა, რომ ვერც ერთი ადამიანი  გემიდან ვერ ჩავიდოდა, ვიდრე ზღვაში მისი საყვარელი ქალის ცხედარს არ იპოვიდა. ამით კი სამუდამო წყევლა მოუვლინა საკუთარ თავსაც და ეკიპაჟის წევრებსაც.


არსებობს ლეგენდის სხვა ვერსიებიც:


1.კაპიტანმა დაიფიცა, რომ სულს მიჰყიდდა სატანას, თუ იგი რიფებსა და კლდოვან ნაპირებს აარიდებდა გემს, თუმცა არ გაითვალისწინა მოგზაურობის ხანგრძლივობა  და სამუდამოდ ზღვაში დარჩა.


2.გემის ეკიპაჟი ამოუცნობი სენით დაავადდა. შიშით, არც ერთმა პორტმა არ მიიღო ავადმყოფი ადამიანები. ისინი იძულებულები გახდნენ, წყლისა და საკვების გარეშე ეხეტიალათ ზღვებსა და ოკეანეებში.


3.გემი შემთხვევით გადაეყარა სხვა გემ-მოჩვენება „კენარუს", რომლის ეკიპაჟის წევრები დაწყევლილები იყვნენ. ისინი თავს ესხმოდნენ შემხვედრ  გემებსა და ძარცვავდნენ მათ. ვან დერ დეკენის ეკიპაჟმა მოახრეხა „კენარუს" მეზღვაურების დამარცხება, თუმცა წყევლა მათზე გადმოვიდა და მას შემდეგ ისინი დაძრწიან ვერნაპოვნი თავშესაფრის ძებნაში.


4.სხვა ვერსიით, კაპიტანი ეშმაკს ეთამაშებოდა აზარტულ თამაშებს, რისთვისაც ასე მკაცრად დაისაჯა.


5.ბოლო ვერსიით კი, „მფრინავი ჰოლანდიელი" ისე მიიჩქაროდა შინისკენ, რომ ჩასაძირად განწირულ სხვა გემს დახმარება არ გაუწია და გზაში წყევლაც დაეწიათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner