„აღნიშნული ინიციატივები, ასევე, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე.
როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობა ერთ-ერთ მთავარ რისკ ფაქტორად განიხილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი.
„აღნიშნული ინიციატივები, ასევე, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. არსებობს უამრავი ანგარიში სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, რომელიც იძლევა რეკომენდაციას, გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები ეკონომიკაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კომპანია „მუდისმა“ (Moody’s) ცალსახად დადებითად შეაფასა ჭარბვალიანობის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს საბანკო და საფინანსო სექტორში საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.