სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიღება ის ფუნდამენტური რეფორმაა, რომელიც თავისი მნიშვნელობით შეიძლება ეროვნული ვალუტის შემოღებას გაუტოლდეს.
„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 650 000 ადამიანი არის ე.წ „შავ სიებში“, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჭარბვალიაონობის პრობლემა გასცდა ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკას და ის უკვე პოლიტიკური პრობლემაა. ეს არის ძლიერი ნიადაგი სოციალური დესტაბილიზაციისათვის და კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთანაც. ამდენად, უსამართლობა, რომელიც სუფევდა საბანკო სექტორში, განსაკუთრებით ნეგატიურად აისახებოდა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. საჭირო იყო დარეგულირება და ახალი, სამართლიანი წესების შემოღება. 650 000 ადამიანი, ეს არის ძალიან დიდი შრომითი რესურსი, რომელიც მოწყვეტილია შრომით ბაზარს. ახალი რეგულაციების შემოღება და ამ საკანონმდებლო ინიციატივების მიღება ის ფუნდამენტური რეფორმაა, რომელიც თავისი მნიშვნელობით შეიძლება ეროვნული ვალუტის შემოღებას გაუტოლდეს. ძალიან მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობის შემცირება 50%-მდე. ასევე იკრძალება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების მხრიდან ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაყადაღება. ამ ყველაფრის შედეგად კი მოქალაქეებს აღარ მოუწევთ გადაჭარბებით დიდი პროცენტების გადახდა, როგორც ეს აქამდე იყო“, - ამბობს ვალერიან გორგილაძე.