დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ბაზარს ბათუმის და ფოთის პორტები ემსახურება. ფოთის პორტის წილი საკონტეინერო ბაზარზე დაახლოებით 83%-ია, რაც ნიშნავს რომ ძირითადად ერთი პორტი ფუნქციონირებს ამ მიმართულებით. ფოთის პორტის სიღრმე 8,4 მეტრია, რაც დღევანდელი სტანდარტებიდან გამომდინარე საკმაოდ დაბალია და ქვეყანას დიდი გემების მიღების საშუალებას არ აძლევს. მაქსიმალური ტევადობის გემი, რომელიც შეიძლება დღეს ფოთის პორტში შემოვიდეს 1500 კონტეინერის (თითო კონტეინერი 21 ფუტი ტევადობისაა) ტევადობის გემია, რაც ყველაზე მცირე მოცულობაა დღეს არსებულ გემებს შორის. თანამედროვე სტანდარტებით გემების მაქსიმალური მოცულობა 21 000 კონტეინერია. შავ ზღავში ამ მოცულობის გემები არ დაცურავენ, მაგრამ აქ არსებული გემების ნახევარზე მეტი 10 000 კონტეინერის ტევადობისაა. საქართველოში კი 7-8 ჯერ ნაკლები ტევადობის გემების მომსახურებაა შესაძლებელი.
ჩვენ დავინტერესდით საქართველოში არსებული პორტების მნიშნელობითა და ამ სფეროში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროქტებით. თუ რა იგეგმება, რა გაკეთდა და რა კონკრეტული შედეგის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთის.
თქვენს ყურადღებას დღეს ბათუმის პორტსა და ანაკლიაში მშენებარე პორტზე შევაჩერებთ.
ისტორიულად ბათუმის პორტი კავკასიის რეგიონში ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ეს იყო პირველი პორტი, რომლის წყალობითაც საქართველომ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეიძინა. ბათუმის პორტის კიდევ უფრო განვითარებას ხელი შეუწყო პორტის „პორტო ფრანკოდ“ გამოცხადებამ 1878 წელს. ბათუმის პორტის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი ნავთობი იყო. XX საუკუნის დასაწყისში ბათუმის პორტი თავისი მნიშვნელობითა და ტვირთბრუნვის რაოდენობით შავიზღვისპირეთში წამყვანი პორტის ადგილს იკავებს. ნავთობის გადაზიდვაში აქტიური როლის შესრულებით ბათუმის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო კორიდორი გახდა. 2006 წლიდან ბათუმის პორტი ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო პორტების ასოციაციის “MEDCRUISE’-ის წევრია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარაში საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.
ამასთანავე, ბათუმის პორტი ევროპა-კავკასია-აზიის კორიდორის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომელიც სათავეს ევროპაში იღებს და ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, შემდეგ შავი ზღვის გავლით კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებს - აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთს და ა.შ. - აკავშირებს.
ბათუმის პორტის ძირითადი კონკურენტები შავ ზღვაზე არიან: უკრაინული -ოდესისა და ილიჩევსკის პორტები, რუსული - ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტები.
ბათუმის პორტის უპირატესობა ის გახლავთ, რომ უკრაინის აკვატორია ზამთარში იყინება, ხოლო რუსეთის პორტებში, ზამთრის პერიოდში, ხშირია ძლიერი ქარები.
რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” აერთიანებს, ერთი მხრივ, საქართველოში დაფუძნებულ “თიბისი ჰოლდინგს” (TBC Holding LLC ), და მეორე მხრივ, „კონტი ინტერნეშენალს” (Conti International LLC), რომელიც წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს. კონსორციუმის პარტნიორთა შორის არიან წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Van Oord და პორტის წამყვანი დიზაინერი კომპანია Moffatt”; Nichol.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ის 9 ფაზისგან შედგება და საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
წინასამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმება. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება.
პორტის გახსნისას და პირველი ფაზის ამუშავებისას ანაკლიის პორტს ექნება 2-მისადგომიანი საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც შეძლებს მიიღოს და გაატაროს 700 000-დან 800 000 ტეუმდე კონტეინერი. პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 580 მილიონ აშშ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
პორტის სიღრმე და ინფრასტრუქტურა შესაძლებელს გახდის 10,000 კონტეინერიანი (TEUs) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერც ერთი სხვა პორტი ვერ ემსახურება.
მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს “ტრეინინგ ცენტრს” ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში დასაქმდებიან პორტში. ხელშეკრულებით დადგენილია იმ ტრეინინგების ნუსხაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო.
„აქცენტი“ პორტების მნიშვნელობაზე ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.
როგორც NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი გიორგი კეპულაძე აცხადებს, „ასეთი დიდი პროექტები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და პორტები რაც შეიძლება დროულად უნდა აშენდეს“ .
– ბატონო გიორგი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე ტერმინალის მშენებლობით შავი ზღვა რეგიონში თვისობრივად ახალ მნიშვნელობას იძენს. კიდევ ერთხელ რომ ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა სარგებელი ექნება ხსენებულ მშენებლობებს საქართველოსთვის?
– ზოგადად საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა ისე არის მოწყობილი, რომ მასში პრიორიტეტი ვერ იქნება მხოლოდ მრეწველობის დარგები. შესაბამისად, ჩვენ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე უნდა გადავერთოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, როგორიცაა: ტურიზმი, სატრანსპორტო დერეფანი, აბრეშუმის გზის ქართული მონაკვეთი და შუამავალის როლი ევროპასა და აზიას შორის. იმისათვის, რომ სრულად შევძლოთ ამ ფუნქციის შესრულება, ჩვენ უნდა გვქონდეს კარგად აწყობილი საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომელიც წარმოუდგენელია პორტების გარეშე.
– როგორც ცნობილია, სადღეისოდ საქართველოში არსებული ბათუმის და ფოთის პორტები დიდ გემებს ვერ იღებენ...
– სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გადაწყდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ მაგალითად, ჩინეთმა და აზიის დიდმა ქვეყნებმა არათუ სხვა გზები ეძიონ სატრანზიტოდ, არამედ გამოიყენონ საქართველო და შავი ზღვა. დღეს ლაზიკას დავარქმევთ ამ პორტს, თუ ანაკლიას, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეს პორტი შენდება და ის შეძლებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს ტვირთბრუნვა. ქვეყანას უნდა შეეძლოს დიდი გემების მიღება, ამის გარეშე აბრეშუმის გზასა და სატრანსპორტო დერეფანზე საუბარი, რა თქმა უნდა წარმოუდგენელია.
– ცნობილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის მიზნით კომპანია Wondernet Express ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას გეგმავს. ფაქტია, რომ მსოფლიოში ბოლო 50 წლის განმავლობაში თითქმის 6-ჯერ გაიზარდა მინერალური სასუქების მოხმარება. თქვენი აზრით, რა შესაძლებლობებს გაუხსნის ეს საქართველოს?
– მე არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, კონკრეტულად რა ტვირთების გადაზიდვა მოხდება. შეიძლება ეს იყოს ნავთობი, სამხედრო ტვირთები ან სხვადასხვა ნედლეული. შესაძლებელია, ეს დერეფანი ავღანეთიდან ტვირთების გადასატანად ამერიკის შეერთებულ შტატებს დასჭირდეს და არა მარტო მას. შესაძლოა, ეს იყოს ნატო–ს სხვა წევრი ქვეყნებიც, რომლებიც ავღანეთის ოპერაციაში არიან ჩართულები. კონკრეტულად რა ტვირთებს მოემსახურება, ეს მაშინ გამოჩნდება, როცა პორტი სრული დატვირთვით ამოქმედდება; შესაძლებელია, პროექტმა ხელი შეუწყოს ისეთი საქონლის ტრანზიტისა და სატვირთო გადაზიდვების ზრდას, რომლებიც ადრე არ იყო დამახასიათებელი ამ მარშრუტისთვის, რაც დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ამასთანავე შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
– პორტების საკითხთან დაკავშირებით იყო გარკვეული „შავი კამპანია“, თქვენი აზრით, რა მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს ეს?
– მე ვერ გეტყვით ვინ დგას ამის უკან. მე შემიძლია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო პორტების საკითხის მნიშვნელობა. ასეთი დიდი პროექტები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და უკან დახევა არ შეიძლება, ყველა საკითხი მოგვარდება, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემები, მთავარია, რომ ასეთი პორტები, რაც შეიძლება დროულად აშენდეს.
„აქცენტი“ ასევე დაუკავშირდა ანალიტიკოსს, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დავით კიკვიძეს.
როგორც კიკვიძე აცხადებს, „მნიშვნელოვანია, დაანონსებული პროექტები რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს“.
„ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი, როგორც საქართველოში, ასევე შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ პორტის მეშევეობით შესაძლებელია საქართველო გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე მსოფლის გადაზიდვების მიმართულებით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იქცეს აბრეშუმის გზის სტრატეგიულ რგოლად. აბრეშუმის გზა კი როგორც მოგეხსენებათ უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პლათფორმაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენი გავლით მოხდება აზიიდან ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთის გადაზიდვა ევროპის მიმართულებით, რაც ქვეყნისთვის შემოსავლის უდიდეს წყაროს წარმოადგენს“, – აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, „ტვირთბრუნვის ზრდა პირველ რიგში მოგვცემს საშუალებას, განვავითაროთ ლოგისტიკური სერვისები, გავზარდოთ ტვირთბრუნვა ასევე შესაძლებელია, საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბიც, საიდანაც მოხდება ტვირთების გადანაწილება და ა.შ. რადგან რეგიონში სტრატეგიულად საკმაოდ მნიშვენელოვანი ადგილდმდებარეობა გავქვს.“
„ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ლოგისტიკის და ტრანსპორტირების განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს ფოთის პორტიც და ბათუმის პორტიც ფაქტიურად ბოლო დანიშნულების გემებს ღებულობენ, შესაბამისად ეს განვითარების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ დიდი პორტის არსებობა განვითარებისა და დამატებითი შემოსავლის მიღების საკმაოდ დიდი წყაროა“, – აცხადებს კიკვიძე.
ის საინტერესოს უწოდებს ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას.
„საკმაოდ საინტერესო პროექტად მეჩვენება ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს შუამავალი რგოლი სასუქების არამხოლოდ ტრანსპორტირების საკითხში, არამედ სასაწყობე მიმართულებითაც, როგორც აღვნიშნე ბათუმის პორტს სტრატეგიულად საკმაოდ კარგი მდებარეობა აქვს, შესაბამისად ნებისმიერი მიმართულებით არის შესაძლებელი ტვირთების გადაზიდვა, რაც დამატებით დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა ქვეყნისთვის“, – აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება პორტების მიერ დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, დავით კიკვიძე აცხადებს, რომ „ნებისმიერ ახალ გამოწვევას თან სდევს შავი კამპანია“.
„ეს ალბათ ჩვეულებრივი კონკურენციის გვერდითი მოვლენაა. ამ პორტის მშენებლობით დიდი კონკურენცია ჩნდება, ერთის მხრივ ბათუმის და ფოთის პორტს და მეორეს მხრივ რეგიონული თვალსაზრისითაც, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში პორტის მშენებლობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ლოგისტიკის და ტრანსპორტირების მიმართულებით, ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს ამ პროექტის ბოლომდე განხორციელება“, – აცხადებს დავით კიკვიძე.
„აქცენტი“ უახლოეს დღეებში საკითხზე უცხოელი ექპერტების კომენტარებსაც შემოგთავაზებთ.