logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ეკონომიკა იმ სტადიაშია, როცა ახალი წესები გვჭირდება
- +

30 მაისი. 2018. 00:25

„საქართველოს ეკონომიკა ისეთ სტადიაშია, როცა ახალი წესები გვჭირდება და ცდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ასე გაგრძელება შეიძლება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ეს არ ემსახურებოდა ჩვენი ეკონომიკის განვითარების სწრაფ ტემპებს, ე.წ ინკლუზიურ ზრდასა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ფინანსური სექტორისთვისვე იქნებოდა პრობლემა, ვინაიდან ჭარბვალიანობა სისტემური რისკია და თუ ჩვენ არ დავარეგულირებთ, შესაძლოა, ამან მომავალში გარკვეული მაკროეკონომიკური რყევები გამოიწვიოს“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, ფინანსური სექტორის მომავალი მდგრადობისთვის, განვითარებისა და ზოგადად, მთლიანად ეროვნული ეკონომიკისთვის აუცილებელია, ახალი, სამართლიანი წესები ამოქმედდეს, სადაც მოქალაქეების ინტერესი და უფლებები დაცული იქნება.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, წესები ხშირშემთხვევაში, უსამართლოა, რაც ეკონომიკაში ინკლუზიური ზრდის მიღწევას აფერხებს.

 

„დიახ, წესებს, რომლებიც მოქმედებდა, სამართლიანს ვერ ვუწოდებთ. როცა ამა თუ იმ რეფორმის შინაარსს ვაანალიზებთ, აუცილებელია დავინახოთ, რა არის მთავარი მიზანი. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი კი საქართველოში სიღარიბის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებაა“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, ფინანსურ სექტორში დასაქმებული მეწარმეების ხელშეწყობა მაქსიმალურად მოხდება, მაგრამ გარკვეულ საკითხებში, საქმიანობა უპასუხისმგებლო რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

 

„ვადასტურებ, რომ ხელი შეეშლება ისეთ საქმიანობას, სადაც გამჭვირვალობა არ არის და არსებობს რისკი, რომ მოპარული ქონების რეალიზაცია მოხდეს. ამას პრინციპულად არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საიდან არსებობს ინფორმაცია, რომ ლომბარდების შემთხვევაში კრიმინალთან პირდაპირი კავშირია და მოპარული ნივთების ჩაბარება ხდება, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს მათ შორის, შსს-ს ინფორმაციაა.

 

„ამასთან, მოსახლეობასთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს და ვცდილობთ, გამოვავლინოთ რისკის ზონები, სადაც შესაძლოა, ე.წ შავ ეკონომიკას ჰქონდეს ადგილი. ამ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ეს მიმართულება მაღალი რისკის მატარებელია. ვფიქრობ, იმისთვის, ვისაც სურს, რეალურად ბიზნესი აკეთოს, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი პირიქით, მისი ბიზნესის დაცულობის გარანტია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი წესები წარადგინა, რომლებიც მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ. მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner