logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: სირიელების საქართველოდან განდევნის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ
- +

30 მაისი. 2018. 13:02

 

„სირიის მთავრობის მიერ რუსეთისთვის კოჭის გაგორების შემდეგ ქართულ facebook-სივრცეში გაჩნდა აზრი, რომ ამის პასუხად ჩვენ სირიელი ლტოლვილები უნდა განვდევნოთ საქართველოდან“, - ამის შესახებ პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„მიუხედავად იმისა, რომ მე საზოგადოდ იმიგრაციის შეზღუდვის მომხრე ვარ და მიმაჩნია, რომ იმდენი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს, რომ სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილებს არ უნდა ვიღებდეთ, ამ შემთხვევაში სირიელების განდევნის ან, მითუმეტეს, უკან სირიაში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ შემდეგი გარემოებების გამო:

 

1) სირიის მოსახლეობა სამი ძირითადი ჯგუფისგან შედგება - სუნები, ქურთები და ალავიტები (შიიტებთან გაიგივებული, მაგრამ უფრო წარმართობასთან წილნაყარი სექტა).

 

2) ასადი და მისი მთავრობა ალავიტური უმცირესობის აპარტეიდულ რეჟიმს წარმოადგენს და ძალიან ჰგავს აფხაზეთის სეპარატისტების აპარტეიდულ მთავრობას.

 

3) სირიიდან ლტოლვილთა უმრავლესობა სწორედ სუნიტები და ქურთები არიან.

 

4) თუ სუნიტებს და ქურთებს ქვეყნიდან განვდევნით, ან, მით უმეტეს, სირიის მთავრობას გადავცემთ, ასადს კი არ დავაზიანებთ, არამედ დიდ სამსახურს გავუწევთ.

 

5) დიდი ალბათობით, სირიაში მთავრობა მალე შეიცვლება და ახალი მთავრობა ასადის ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ იმდენს არ „მოვახერხებთ“, რომ სუნიტების და ქურთების კოალიციურ მთავრობას არანაირი სურვილი აღარ ჰქონდეს ამ გადაწყვეტილების გადასინჯვისა.

 

6) უბრალოდ მომლოდინე რეჟიმში ყოფნის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევდი, არსებული საერთაშორისო განწყობა გამოიყენოს ასადის აპარტეიდული რეჟიმის მხილებისთვის და დასვას საკითხი აპარტეიდის წინააღმდეგ ისეთივე საერთაშორისო სანქციების შემოღების თაობაზე, როგორიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ არსებობდა!

 

სირიის მიმართ სანქციები აპარტეიდული რეჟიმის გამო საქართველოს იმისთვის კი არ სჭირდება, რომ სირიას შეუქმნას პრობლემები, არამედ იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას შეახსენოს, რომ არსებობენ რეჟიმები, სადაც უმცირესობა ჩაგრავს უმრავლესობას და არა პირიქით. ჩვენ გვაწყობს პრეცედენტის შექმნა აპარტეიდის რეჟიმის დაგმობისა, რაც ხელს შეუშლის აფხაზეთის აპარტეიდული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციას, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც სეპარატისტთა ემისრები დაძრწიან და ჰყვებიან გულისამაჩუყებელ ზღაპრებს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაგრავდა ქართული უმრავლესობა აფხაზ უმცირესობას“, - წერს დავითაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner