logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: საბაზისო ელექტროენერგია სწორედ ის ენერგიაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტაბილურობისთვის სჭირდება
- +

30 მაისი. 2018. 18:54

 

 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. დიმიტრი ქუმსიშვილმა გარდაბნის 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

 

„საძირკველი პრაქტიკულად, უკვე მომზადებულია, ტურბინებიც უკვე ფოთშია ჩამოსული, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით დამთავრდება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის, თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით აღჭურვილი ახალი თბოელექტროსადგური ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისთვის. პროექტის მიზანია ქვეყნისთვის საჭირო დამატებით მნიშვნელოვანი სიმძლავრის ელექტროენერგიის წყაროს შექმნა.

 

„თბოელექტროსადგური ასევე მნიშვნელოვანია იმ საჭიროებებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს - ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, საბაზისო ელექტროენერგია სწორედ ის ენერგიაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტაბილურობისთვის სჭირდება“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მშენებლობის პროექტს კომპანია ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’ ახორციელებს, რომელიც წარმოადგენს ,,საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის’’ შვილობილ კომპანიას.  თბოელექტროსადგურს ექნება ,,ნულიდან’’ გაშვების ფუნქცია, რასაც უზრუნველყოფს ავტონომიური/დამოუკიდებელი დიზელ-გენერატორი (Black Start Diesel Generator). აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის (System Black-out) დროს შესაძლებელი იქნება სადგურის ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად  გაშვება.

 

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური (მარგი ქმედების კოეფიციენტი 50%-ზე მეტი) თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება 2019-2020 წლების ზამთრის სეზონისთვის. ამასთან, 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა მსგავსი, კომბინირებული ციკლის გარდაბნის პირველი თბოელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრეც მშენებარე სადგურის მსგავსად შეადგენს 230 მგვტ-ს.

 

გარდაბნის 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების (EPC - პროექტირება, შესყიდვები და მშენებლობა) შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) - 1953 წელს დაარსებული საინჟინრო კორპორაციაა, რომლის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მათი ჩართულობა საერთაშორისო  პროექტებში 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. პროექტს ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო ორგანიზაცია ,,პოირი’’-ს (POYRY) შვეიცარიული ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საპროექტო, ასევე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პროექტის ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner