ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს ასევე მიეწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.
ქართულმა მხარემ მიმართა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღონ ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.
სხდომაზე საქართველოს პოზიცია გაიზიარეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ და დაგმეს სირიის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება.
მათ ასევე მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
საქართველოს განცხადება სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც გავრცელდა.
საქართველოს საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს იმ სხდომაზე წამოწიეს, სადაც უკრაინის საკითხის გეგმიური განხილვა იყო ჩანიშნული.
უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა დაგმო სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების ფაქტი და ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციისა და ასადის რეჟიმის ერთობლივ უკანონო ქმედებებს.
„ფაქტობრივად, ყირიმი დღეს წარმოადგენს უზარმაზარ სამხედრო ბაზას, რომელიც ხშირად გამოიყენება შორეულ ცხელ წერტილებში, მათ შორის, სირიაში რუსული ინტერვენციებისთვის. მადლიერების ნიშნად, სირიის რეჟიმი თავის დელეგაციებს აგზავნის სირიაში, და როგორც დღეს ვიხილეთ, მან უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარა,“ - განაცხადა გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპაციის საკითხი წამოწია შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც.
„საზღვრების შეცვლა სამხედრო ძალის გამოყენებით - როგორც ამის მოწმენი გავხდით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომელიც ევროპის ფარგლებს სცდება; როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მართლწესრიგს და გაეროს ქარტიას, ეს არის საფრთხე ყველასთვის. უსაფრთხოება არ არის თამაში ნულოვანი შედეგით და წესებზე დამყარებული წესრიგი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ წესებს ყველა ასრულებს“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა გაერო-ში.
რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად რეგიონში შექმნილ არასტაბილურ გარემოზე ისაუბრა ბრიტანეთის წარმომადგენელმა, რომელიც დაეთანხმა შვედეთის პოზიციას და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა სცილდება უკრაინისა და საქართველოს საკითხს და საერთაშორისო მართლწესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის ევროპის და ამერიკის სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოში შემავალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებლობის“ აღიარება აბსოლუტურად მიუღებელია.
„2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში სამხედრო ძალის გამოყენების შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ეგრეთ წოდებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ცნო და ამით უხეშად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი. რუსეთი თავისი ქმედებებით ახლაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უფლების უგულებელყოფას.
ეს ქმედება ხელს არ შეუწყობს პროცესების მშვიდობიანად წარმართვას. სირიის რეჟიმი და რუსეთი კვლავ აგრესიულად ცდილობენ ნორმებზე დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგული რჩება გაეროს უშიშროების საბჭოს 1808 რეზოლუციისა, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ დადასტურებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები.
გადაწყვეტილება დაგმეს აშშ-მა, ევროკავშირმა, NATO-მ.
იმოქმედებს თუ არა სირიის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაზე, საქართველოს პირველი დიპლომატი ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება „ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც არაფრად თვლის, გასაკვირი არაა“.
მინისტრი ფიქრობს, რომ სირიის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაზე არ იმოქმედებს:
„ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც კი არაფრად თვლის, ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი ალბათ არ უნდა იყოს. ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ჩვენი ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაზე. მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული, თუ რას წარმოადგენს ასადის რეჟიმი“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობაც და სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგია, რითაც ასადის რეჟიმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას; უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები", - ნათქვამია უმრავლესობის განცხადებაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობას გამართლებულად მიაჩნია, პროცედურების დაწყება სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.
უმრავლესობა მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, განიხილოს აღნიშნული საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თანამშრომლობის ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით.
ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, 26 აგვისტოს მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია განახორციელა, შემდეგ კი მათი „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
მოსკოვის მსგავსად, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ და ახლა უკვე სირიამ.