logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: ჩვენ გავმართლდით! ვაი - საქმის შემთითხვნელებს და ცრუმოწმეებს!
- +

31 მაისი. 2018. 02:04

 

სამართალს 12 წელი ველოდით. სამართალი ურმით 12 წლის განმავლობაში იხრიგინა და როგორც იქნა, ჩვენამდეც მოაღწია - 25 მაისს სააპელაციო სასამართლომ სააკოვის ბინძური რეჟიმის მიერ 12 წლის წინ შეიარაღებულ გადატრიალებაში მსჯავრდებული 12 ადამიანი სრულიად გაამართლა და რეაბილიტირებულად გამოაცხადა!

 

2006 წლის 6 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა განახორციელა სპეცოპერაცია, რომლის შედეგად დაგვაპატიმრეს 4 პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები და აქტივისტები, რომელთა უმეტესობა ერთმანეთს არ ვიცნობდით. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ: მაია თოფურია, თეიმურაზ ჟორჟოლიანი, ვახტანგ ტალახაძე, იაკობ(კოკა) კვინიკაძე, რევაზ ბულია, რამაზ სამნიძე, გიორგი მეტრეველი, გურამ პაპუკაშვილი, მაია ნიკოლეიშვილი, ვარლამ გალდავა, გიორგი ახოაბაძე, კახაბერ ქანთარია და მე - ზაზა დავითაია. ხოლო გენადი (გელა) არჩუაძის მიმართ მიმდინარეობდა ძებნა. გამოძიებამ ბრალი დაგვდო სახელმწიფო ღალატში, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ორგანიზებაში. გადაგვიყვანეს მოდულის შენობის გვერდით მდებარე კუბოების დამამზადებელ კერძო საამქროში. რამდენიმე საათით იქ დაგვაყოვნეს, შემდეგ კი, ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა ბორკილდადებულნი სათითაოდ ჩაგვსვეს მანქანაში და ვერტმფრენის თანხლებით გადაგვიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტმანეტში. მოგვიანებით, ეს კადრები, კლიპის სახით განთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდზე. იმავე დღეს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და პარლამენტის დეპუტატებმა - გიგა ბოკერიამ და გივი თარგამაძემ, ქალაქ თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა, სასამართლოს განაჩენის გარეშე, წინასწარ გამოგვაცხადეს სახელმწიფო დამნაშავეებად და ასეთი ფორმით, მარიონეტ სასამართლოს ჩვენთვის სასტიკი სასჯელი შეუკვეთეს.

 

***

ფაბრიცირებული სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, 2006 წლის 4 მაისს, პარტია „სამართლიანობის“ ცენტრალურ ოფისში ჩატარდა საიდუმლო თათბირი, რომელსაც თურმე მეც, ჩემთვის უცნობ ადამიანებთან ერთად ვესწრებოდი. აღნიშნულ თათბირზე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის დავალებით, პარტია „სამართლიანობის“ თანათავმჯდომარემ მაია თოფურიამ თითქოს წარმოადგინა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების გეგმა, რომელიც სხდომაზე დამსწრე პირებს მოგვიწონებია. ბრალდების საფუძველი იყო ცრუ მოწმეების: „ეკას“ (გიორგი სიფრაშვილი), „ნინოს“ (აკაკი შავშიშვილი), „ზაურის“ (ნინო ხმალაძე), „ეთერის“ (რამინ ადეიშვილი), „რომეოს“ (ირმა ჯოგიაშვილი), „თამარის“ (ვაჟა სიხარულიძე), „ნათიას“ (დავით ლომიძე), ჯუმბერ ქათამაძის, გიორგი ბზიშვილის და პაპუნა შონიას ჩვენებები, ასევე დიდძალი იარაღი, რომელიც კახა ქანთარიას სარდაფში „აღმოაჩინეს“.

 

***

ცრუმოწმეთა ნაწილს ღვთის რისხვა სიცოცხლეშივე წამოეწიათ: მაგალითად, ცრუმოწმე „ეთერი“ - რამინ ადეიშვილი - პროცესზე დაკითხვის დროს ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ხოლო ცრუმოწმე ცრუ მოწმე "ნათიამ" - დავით ლომიძემ - სასამართლოს სხდომების დამთავრების შემდეგ თავი ჩამოიხრჩო! წინასწარ გამოძიებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა, მისი უფროსის დავით ლაღაძის ხელმძღვანელობით, მთლიანად გააყალბა სისხლის სამართლის საქმე. გამომძიებლებმა - დავით ლაღაძემ, ლევან შელიამ, თეიმურაზ ბიჭოშვილმა, ნინო გრძელიშვილმა უნიჭოდ შექმნეს ყალბი ჩვენებები, რომლებიც ცრუმოწმეებს დააზეპირებინეს. მარიონეტმა მოსამართლე მამუკა ნოზაძემ მთლიანად გაიზიარა ჩვენს წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდება, არ გაიზიარა და განაჩენში არც კი შეაფასა დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ათეულობით გამამართლებელი მტკიცებულებები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შეუძლებელი იყო ერთმანეთისგან ინტელექტით და განათლებით განსხვავებულ მოწმეებს მიეცათ ჩვენებები, რომლებშიც "გამოყენებულია 770 იდენტური სიტყვა და 16 იდენტური წინადადება ერთნაირი თანამიმდევრობით“! პოლიტიკურად ანგაჟირებული ამ საქმის შესახებ ინფორმაცია მთელს მსოფლიოში გავრცელდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2007, 2008, 2009, 2010, 2011 წლებში გამოქვეყნებული ანგარიშებით.

 

***

 

ზუსტად 3 წლის წინ, ამ სტრიქონების ავტორმა, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ხელახალი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით განცხადება შევიტანე, ვინაიდან გამოიკვეთა 2 ახალი გარემოება: 1. კახა ქანთარიას სახლის სარდაფში იარაღი იყო ჩადებული, რადგან ამ იარაღის ნუმერაცია ემთხვეოდა კოდორის ხეობაში შსს-ს მიერ ამოღებული იარაღის ნუმერაციას და ჩვენს ხელში იგი ვერ მოხვდებოდა. ამ გარემოებას დაემატა რეჟიმისდროინდელი უშიშროების მაღალჩინოსნის, ზაურ ახალაიას მიერ პირადად ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავად მონაწილეობდა იარაღის ჩვენთვის ჩადების უკანონო სპეცოპერაციაში; 2. პროცესის ორმა მოწმემ - მაია ნიკოლეიშვილმა და პაპუნა შონიამ მე პირადად დამიდასტურეს, რომ მათი ცრუ ჩვენებები ზეწოლით იყო განპირობებული. პროკურატურა 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იძიებდე ამ გარემოებებს. მათ თავიდან დაკითხეს ყოფილი ცრუმოწმეები, საქმის შემთითხვნელი მაშინდელი უშიშროების მაღალჩინოსნები და ბოლომდე დარწმუნდნენ რა, ჩვენს უდანაშაულობაში, საქმე სააპელაციო სასამართლოს გადასცეს. ამჯერად უკვე სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დაიწყო გამოძიება. პროცესზე ერთმანეთის მიყოლებით ცხადებოდნენ ყოფილი ცრუმოწმეები და სინანულით აღიარებდნენ, რომ ცრუ ჩვენების მიცემა მათ სააკაშვილის რეჟიმის ძალოვნებმა აიძულეს... და აი, 25 მაისს, სასამართლომ თავისი ვერდიქტით დაადასტურა, რომ 12 ადამიანის წინააღმდეგ ადრე გამოტანილი განაჩენები იყო უსამართლო და ყალბ მტკიცებულებებზე დამყარებული! ჩვენ გავმართლდით.

 

***

 

ვფიქრობ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, იმ დაშიფრულმა ცრუმოწმეებმა უფრო იხეირეს, რომლებმაც ახალ პროცესზე თავისი ცრუმოწმეობა აღიარეს, რადგან ამგვარად თავიანთი სულები ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვისგან იხსნეს. მე საჯაროდ ჩამოვთვლი მათ: პაპუნა შონია, გიორგი ბზიშვილი, ირმა ჯოგიაშვილი, ნინო ხმალაძე, ჯუმბერ ქათამაძე. ჩვენ, მათგან ცილნაწამებმა და მათი ცრუჩვენების საფუძველზე მრავალჭირგამოვლილმა პოლიტპატიმრებმა - სასამართლოს დარბაზშივე მივუტევეთ დანაშაული! მაგრამ, არც სინანულის სურვილი გამოუთქვამთ და არც სასამართლოს სხდომებში მონაწილეობა არ მიუღიათ ნამუსგარეცხილ ნაძირლებს: გიორგი სიფრაშვილს, ვაჟა სიხარულიძეს, აკაკი შავშიშვილს; ასევე, სინანული არ გამოუხატავს ამ საქმის შემთითხვნელ დავით ლაღაძეს! მათ კანონის და ღვთის რისხვა მომავალში აუცილებლად წამოეწევათ!

 

***

 

დიდი მადლობა ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უშუალო ხელშეწყობით ამ საქმის თავიდან გამოძიება დაიწყო! დიდი მადლობა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, ჩვენს ადვოკტებს - გელა ნიკოლაიშვილს და მარი შათირიშვილს; ჩვენი საქმის პროკურორ ემზარ გაგნიძეს და გამომძიებელ შოთა კაკულიას, ასევე პროკურატურის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ირაკლი ნადარეიშვილს!

 

ვიდრე სამართლიანობის აღდგენას ველოდით, 12-დან 2 ჩვენი მეგობარი - რევაზ ბულია და თეიმურაზ ჟორჟოლიანი დაგვეღუპნენ - დღევანდელი გამარჯვება მათ სულებს მივახარეთ!

 

ჩვენს საქმეში უკვე გამოკვეთილია მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და დათა ახალაიას წვლილი. მათთან ერთად, უკვე გამოკვეთილია სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირების ინტერესი. უკვე დადგენილია, რომ შეთქმულება ჩვენ კი არ მოვაწყვეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა მოაწყო 12 უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებას დღემდე აგრძელებს სააკოვის და ნაცების ბინძური რუპორი - ელისო კილაძე! საჯაროდ ვდებ პირობას - არ მოგასვენებთ, ვიდრე სათითაოდ ყველა, დამკვეთიდან დაწყებული - შემსრულებლებით დამთავრებული - პასუხს კანონის წინაშე არ აგებთ ჩვენი ოჯახის წევრების დაღვრილი ცრემლის თითოეული წვეთისთვის!

 

ჩვენი დღევანდელი გამართლება სრულიად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ყველა პოლიტპატიმრის გამარჯვებაა! დიდი მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც რეპრესიის მძიმე წლებში - ვიდრე დღევანდელ გამარჯვებამდე - მხარში და გვერდში გვედგნენ და ჩვენს გასაჭირს იზიარებდნენ. ამიერიდან, ერთმანეთისთვის მხოლოდ გამარჯვებები მიგველოცოს!

 

P.S.

რეაბილიტაციის განაჩენის შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლისთანავე ჩვენი საქმის პროკურორ ემზარ გაგნიძეს კითხვით მივმართე:

 

- ბატონო ემზარ, როგორ შეაფასებთ ახალ განაჩენს?

 

- პროკურატურამ, კანონის მოთხოვნათა დაცვით, თქვენი - ყოფილი მსჯავრდებულის - ზაზა დავითაიას მოთხოვნათა საფუძველზე ჩავატარეთ ახალი გამოძიება, რომლის შედეგად გამოიკვეთა ისეთი ახალი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც აშკარად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ თქვენი ძველი განაჩენის მართებულობას. შესაბამისად, ახალი შედეგები სააპელაციო სასამართლოში წარვადგინეთ და მიმაჩნია, რომ სასამართლომ ამჯერად მიიღო სრულიად სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. გილოცავთ გამართლებას და რეაბილიტაციას! მსგავსი განსაცდელი აღარასოდეს შეგმთხვეოდეთ!

 

პროკურორის შემდეგ, ჩვენს ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს მივუბრუნდი, რომელიც ამ საქმეს სულ თავიდან, ჩვენი დაჭერის დღიდან, 2006 წლის 6 სექტემბრიდან მოყვება და საკუთარი 5 თითივით იცნობს:

 

- გელა, რას გვეტყვით? სამართალმა პური უკვე ჭამა?

 

- სამართალი დადის ურმით, მაგრამ მიზნამდე იგი ბოლოს აუცილებლად მივა. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ - მოსამართლეებმა, პროკურორებმა, ადვოკატებმა, ცრუმოწმეებმა... რომ სიმართლე ბოლოს აუცილებლად დადგინდება და თავი ტყუილებით არ შეირცხვინონ!

 

 

 

 

 

მოამზადა ზაზა დავითაიამ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner