logo_geo
eng_logo
ურბანული პარკები - როდესაც ბუნება სახლთან ახლოსაა
- +

4 მაისი. 2016. 13:06

ურბანული პარკები - როდესაც ბუნება სახლთან ახლოსაა

 

 

აისბახში მოცურავეები წყალს დაღმა მიუყვებიან. ეს სახელი გერმანულიდან ითარგმნება, როგორც „ყინულოვანი ნაკადული“. მიუნხენის პარკში, რომელსაც „ინგლისურ ბაღს“ უწოდებენ, პატარა, ხელოვნური მდინარე მიედინება. პარკის ღირსშესანიშნაობებია ტბა, დახვეწილი გაზონები, კორომები და ძველი ხიდები

 

 

მომნუსხველია აქაურობა, გსიამოვნებს, რომ ერთდროულად შეგიძლია იყო მოწყვეტილიც და დაკავშირებულიც ცივილიზაციასთან.

 

ბილიკიდან გადავუხვიე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ოჰაიოს ერთ უსახელო მდინარეს მივუყვები და დაფშვნილი თიხა-ფიქლის ხეობაში წაქცეულ ხეებზე მივბობღავ. წყალს ლამი ერევა და რძისფრად იმღვრევა პატარ-პატარა ჩანჩქერებიდან ვარდნისას. მზის სხივები თითქოს წყალსა და ხეებს ეცეკვებიან. ბოტებს ვიხდი, პატარა გუბეებში მივტოპავ და თითებს შორის ტალახის სიგრილეს ვგრძნობ. აქვე, პატარა მაღლობს მიღმა ქალაქია, საიდანაც პერიოდულად ისმის ხმაური. ცივილიზაცია ისე ახლოსაა და ისე შორს გეჩვენება – სწორედ ამაშია ურბანული პარკის მაგიური ძალა.

 

ეს კლივლენდსა და აკრონს შორის გადაჭიმული კაიაჰოგა ვალის ეროვნული პარკია. პარკის ცენტრში სიცოცხლით სავსე მდინარე კაიაჰოგა მოედინება. იყო დრო, როდესაც აქაურობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე იდგა – წყალში ჩაყრილმა ნავთობით გაჟღენთილმა ნაგავმა ხანძარი გამოიწვია. თუმცა, პრობლემა მოგვარებულია – ხანძრიდან ხუთი წლის შემდეგ, 1974 წელს აქ პარკი გააშენეს.

 

პარკის გრანდიოზულ მრავალფეროვნებას თანდათანობით ეცნობი; ქვიშაქვის კლდეები ხეებში ჩამალულან; იქ, სადაც ადრე ავტოსარემონტო იყო, ახლა თახვების ჭაობია. სპორტული მოედნის ადგილზე კი შავარდნების სათვალთვალო დიდი მინდორია. აქ ადამიანის ხელით ნაშენები და ბუნების მიერ შექმნილი ორი სამყარო თანაარსებობს და თითქოს ერთმანეთს ეჯიბრება, თუ რომელი მიიპყრობს უფრო მეტი ველომრბოლელის, მოლაშქრისა თუ მორბენლის ყურადღებას.

 

ეს თანამედროვე ქალაქის პარკია. კარგად დაპროექტებული დასასვენებელი ადგილებისგან განსხვავებით, იგი ქალაქის დაცლილ ტერიტორიებზეა გაშენებული: სავალალო მდგომარეობის მქონე ტყის უბნებისგან, მიტოვებული სამხედრო ბაზებისა და აეროპორტებისგან, სანიაღვრე სისტემებისგან, რკინიგზებისა თუ ხიდებისგან.

 

სეულში (სამხრეთი კორეა) ჩეონგიეჩეონი მიიკლაკნება. ერთ დროს ქალაქის მაცოცხლებელი ეს მდინარე წლების განმავლობაში დატყვევებული იყო. ახლა აქ ხალხი იკრიბება. წყალს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს

 

ამ ტიპის ექსპერიმენტმა გლობალური ხასიათი მიიღო. ნიუ-იორკის ჰაილაინის წარმატებით შთაგონებული სიდნეის, ჰელსინკისა და სხვა ქალაქების სარკინიგზო პარკები მიმზიდველი სანახაობაა. სინგაპურში, ჩანჯის აეროპორტის ტერიტორიაზე ხელოვნურ ჭარბტენიან ტყეს აშენებენ; მეხიკოს განაპირას, თითქმის გამქრალ ტბა ტესკოკოს ადგილას უზარმაზარი პარკის გაშენება იგეგმება.

 

მაოგნებს ინოვაციის ამხელა მასშტაბი და ახალი ძალით აღმავსებს იმის შეგრძნება, თუ რამხელა ენერგიას დებენ ადამიანები ამ ადგილების განვითარებაში. თემის შესწავლისას ხვდები, რომ ურბანული პარკები ვერასოდეს ჩაანაცვლებენ უზარმაზარ და ხშირად დასახლებული პუნქტიდან შორს არსებულ პარკებს, რომლებიც ჩვენს ყველაზე დიდებულ ტყეებს, მთებსა და ხეობებს იცავენ, რადგან მათ სულ სხვა ფუნქცია აქვთ. სიმართლე კი ისაა, რომ ჩვენ ორივე მათგანი ძალიან გვჭირდება.

 

ერთ ცხელ შუადღეს სეულის გულში, ჩეონგიეჩეონში, 6-კილომეტრიანი მდინარის ნაპირს მივუყვებოდი.

 

წინაინდუსტრიულ წლებში ამ მდინარესთან შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს, ქალები საბანაოდ იკრიბებოდნენ. კორეის ომის შემდეგ, სეულში სამშენებლო ბუმმა გარემოს დაბინძურება გამოიწვია და მდინარე ძალიან დამახინჯდა. 1958 წელს, მასზე გზა გაიყვანეს. ესტაკადის მშენებლობა 1976 წელს დამთავრდა და მდინარეც დასამარდა.

 

90-იან წლებამდე არაფერი შეცვლილა, მაგრამ შემდეგ აკადემიკოსებისა და ინჟინრებისგან შემდგარმა მცირე ჯგუფმა მდინარის გათავისუფლების გზების ძიება დაიწყო. მათი მიზანი იყო, გამკლავებოდნენ მდინარის ჰიდროლოგიას და შეესუსტებინათ ავტომაგისტრალიდან მომავალი ტრანსპორტის ხმაური. ეს მონაკვეთი დღეში 170 000 ავტომანქანას ატარებდა. პროექტის ერთ-ერთმა პირველმა მხარდამჭერმა, იონსეის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიის პროფესორმა, ნოჰ სუჰონმა მითხრა – მაშინ ფულზე არ ვფიქრობდით, ეს ხალხის ნება იყოო.

 

ჩვენ გვჭირდებოდა გავლენიანი ლიდერი და ასეთიც გამოჩნდა.

სან-ფრანცისკოს უბის წარმტაცი ხედები, „ოქროს კარიბჭის“ ეროვნული სარეკრეაციო ზონა უამრავ მნახველს იზიდავს. ორეგონელი ბენ ფერნიჰო აქ სკეიტბორდით ჩამოვიდა

 

– სამშენებლო კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლი მენ ბაკი. მისი კომპანია ავტომაგისტრალის მშენებლობის მთავარი კონტრაქტორი იყო. 2002 წელს, სეულის მერობისთვის მისი წარმატებული საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად მდინარის აღდგენა იქცა: „ის მე ავტომაგისტრალში დავმალე, ახლა კი ამ გზის დანგრევის დროა“.

 

2003 წელს კოლოსალური მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ეს 372 მილიონ-დოლარიანი პროექტი იყო. თავდაპირველად, ესტაკადის ავტომაგისტრალი მოშალეს, შემდეგ ზედაპირზე მდებარე გზა აყარეს და მდინარეც გამოჩნდა. მდინარის ძველი, ბუნებრივი კალაპოტი ზუსტად უნდა აღდგენილიყო. გვალვიან თვეებში წყალი ძალიან იკლებდა და ზაფხულის წვიმიან სეზონზე ზვირთდებოდა. წყალსაქაჩი სადგურების წყალობით, რომლებსაც მდინარე ჰანიდან დღეში 120 000 ტონა წყალი გადმოაქვს, დინება სტაბილური გახდა.

 

„ხალხი ამბობს, რომ ეს ხელნაკეთი მდინარეა ან სულაც თევზების აკვარიუმი“, – მითხრა ლი ინ კეუნმა, როდესაც ჩეონგიეჩეონის ზედა ნაწილს მივუყვებოდით. ბილიკები მოსეირნე ადამიანებით იყო გადაჭედილი, ისინი წყლის ცქერით ტკბებოდნენ და აღტაცებულნი იშვერდნენ თითს ღრმა წყალში მონებივრე კობრისკენ. კვლევა აჩვენებს, რომ ზაფხულის დახუთულ დღეებში მდინარეს გამაგრილებელი ეფექტი აქვს. ლი აღდგენის პროექტს კურირებდა, ადასტურებს, რომ ჩეონგიეჩეონი ხელოვნურია, თუმცა ეს არ აღელვებს. მისთვის ბუნების აქ არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. „ეს ქალაქის მარგალიტია. ათმილიონიან ცენტრალურ უბანში წყლის ხმა გესმის, ეს ფანტასტიკურია!“

 

ჩეონგიეჩეონი ადმინისტრაციული შენობების რაიონში იწყება; მოედინება აღმოსავლეთით, მისი ნაპირები ფართოვდება, ბეტონი ადგილს უთმობს ლელქაშსა და კორდებს; ჩაუვლის თვალისმომჭრელ სავაჭრო რაონებს, ბაზრებსა და ვეებერთელა საცხოვრებელ კომპლექსებს. ერთ ადგილას წყლის ნაკადში ბეტონის ორიოდე საყრდენი მოჩანს, ძველი ავტომაგისტრალის ნაშთი. სეულელები გულის ტკივილით იხსენებენ დაფარულ მდინარეს, როცა ვერსად ნახავდი თევზის ჭერაში გართულ ყანჩას და აქაურობა სულაც არ იყო მიმზიდველი.

 

ჩეონგიეჩეონის ბოლოში გავედი. სიმღერა შემომესმა. ხმამ ხიდის ქვეშ მოწყობილ პატარა სცენამდე მიმიყვანა. ბენდი კორეულ სიმღერას ასრულებდა.

 

პენსიონერებს შევუერთდი და სკამის კიდეზე ჩამოვჯექი. ერთმა ქალმა სასიამოვნოდ გამიღიმა და საცეკვაოდ გამომიწვია. მუსიკას შევუერთდით ხელჩაკიდებულები ისე, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული ქალაქი და მისი პარკი.

 

 

სენტ-ჯეიმსის პარკი, ლონდონი (ინგლისი), გაიხსნა 1660 წელს. ბრიტანელი სამხედროები მარშით აღნიშნავენ დედოფლის დაბადების დღეს. მარშრუტი გადის პარკზე, რომელიც ბუკინგემის სასახლეს ესაზღვრება. ეს მიწა ჰენრი VII-მ 1532 წელს შეიძინა, როგორც ნაკრძალი ირმებზე სანადიროდ. მეფე ჩარლზ II-მ კი ტერიტორია ლონდონელებისთვის გახსნა და ამით ერთ-ერთ პირველ საზოგადოებრივ პარკს დაუდო სათავე.

 

„ყველაფერი აქ დაიწყო“, – მითხრა აქტივისტმა ემი მეიერმა; ფორტ-მაილის, სან-ფრანცისკოს ჩრდილო-დასავლეთ განაპირას მდებარე „ოქროს კარიბჭის“ ეროვნული სარეკრეაციო ზონისკენ მივდიოდით. შუა გზაზე კოიოტს გადავაწყდით, იდგა და დაჟინებით შემოგვცქეროდა, აშკარად არსად ეჩქარებოდა. ეროვნული პარკების სამსახური წლებია რაც ქალაქებს მოედო, მაგრამ „ოქროს კარიბჭის“ შექმნა გარდამტეხ მომენტად მიიჩნევა ქალაქის პარკების მოძრაობაში.

 

მეიერი ახლა 82 წლისაა. 1969 წელს შეიტყო, რომ მისი სახლიდან რამდენიმე კვარტლის დაშორებით, ფორტ-მაილიში საარქივო ცენტრის აგებას აპირებდნენ. იგი სათავეში ჩაუდგა ღია სივრცის დაცვის მოძრაობას. შემდეგ „ოქროს კარიბჭის“ ხიდის მეორე ნაპირის აქტივისტებთან გაერთიანდა, რომლებსაც გარეუბნების ზრდა აშფოთებდათ, რაც „მარინ-ჰედლენდსის“ მკაცრ მშვენიერებას განადგურებით ემუქრებოდა.

 

1972 წელს დაარსდა „ოქროს კარიბჭე“, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის Gateway-ის ეროვნულ სარეკრეაციო ზონასთან ერთად. ეს ახალი პარკები იმის მანიშნებელი იყო, რომ პარკების სამსახური ველური ბუნების პარკების აშშ-ის დიდ ქალაქებთან უფრო ახლომდებარე, ხელმისაწვდომ ადგილებამდე გადმოწევას აპირებდა. როგორც იმ დროს უოლტერ ჰიკელმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ალასკის ყოფილმა გუბერნატორმა თქვა, „ჩვენ ბუნების სამყარო ისევ ადამიანებს უნდა დავუბრუნოთ, რათა არ ვაიძულოთ ისინი იცხოვრონ ბეტონის გარემოში“.

 

 „ინგლისური ბაღი”, მიუნხენი (გერმანია). შვაბინგერბახის ნაპირები გარუჯვის მოყვარულებს იზიდავს. ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პარკის ღირსშესანიშნაობათა შორის არის ჩინური პაგოდა, იაპონური ჩაის სახლი და ორი ლუდხანა 9500 კაცზე. პარკის დიზაინერმა, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ ფორმალურ დაგეგმარებასთან შედარებით, ბუნებრივ იერს მიანიჭა უპირატესობა.

 

მნახველთა რაოდენობით, „ოქროს კარიბჭე“ ერთ-ერთი პირველია ეროვნული პარკების სისტემაში, მას წელიწადში 15 მილიონი სტუმარი ჰყავს. ის სან-ფრანცისკოს უბეში, შესასვლელის ორივე მხარეზეა გადაჭიმული, კილომეტრებით სანაპირო ზოლს, აზიდულ ფრიალო კლდეებს, სეკვოიებსა და ყოფილი სამხედრო ობიექტების ნარჩენებს მიუყვება. იქვეა კუნძული ალკატრაზი, რომელსაც დღეში 4000 ტურისტი სტუმრობს ბორaნით, ყოფილი ფედერალური სატუსაღოს მოსანახულებლად.

 

ხანდახან, პარკი ცირკივით ხმაურიანი და ქაოსურია: დილაობით ადგილობრივები და ტურისტები გვერდი-გვერდ სეირნობენ, კვირაობით ფრისბის თამაშობენ, პიკნიკებს აწყობენ, ძაღლებს ასეირნებენ... ბევრმა სტუმარმა ისიც კი არ იცის, რომ ეროვნულ პარკში იმყოფება, რადგან მას არ აქვს გრანდიოზული შესასვლელი, თან საქმეს ისიც ართულებს, რომ შიგ სან-ფრანცისკოში კიდევ ერთი „ოქროს კარიბჭის“ პარკია, რომელიც ასევე ოკეანის მახლობლადაა – ეროვნულ პარკთან ძალიან ახლოს.

 

როგორ უნდა გაუმჯობესდეს პარკის რესურსების მართვა? დისკუსიაში საზოგადოების ფართო სპექტრია ჩართული – დელტაპლანების მომხმარებლები, პოლიტიკოსები, სერფერები...

 

„ჩვენთან დემოკრატიაა, დემოკრატია კი მოუწესრიგებელია“, – მითხრა „ოქროს კარიბჭის“ მმართველმა კრის ლენერცმა (მაგალითად, ძაღლების მართვის გეგმაზე, ათ წელზე მეტხანს მუშაობდნენ).

 

ლენერცი ადგილობრივ მთავრობებთან ერთად უსახლკაროების დახმარების სტრატეგიაზეც მუშაობს, რაც ბევრი ქალაქის პარკის პრობლემაა. „ვხედავ უსახლკარო ადამიანს, რომელიც აქ ღამეს ათევს. ისიც ისეთივე სტუმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა, რომელიც ძაღლს ასეირნებს ლამაზ მოწესრიგებულ ბილიკზე“.

 

ცენტრალ-პარკი, ნიუ-იორკი (აშშ). მანჰეტენის ცათამბჯენებით გარშემორტყმულ ურბანულ პარკს წელიწადში 42 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, თუმცა პარკში მაინც იპოვით მშვიდ ადგილებს. შაბათ-კვირას ბერდვოჩერები, რამბლეში, ტყის ველურ მასივში იკრიბებიან, რომელიც გადამფრენი ფრინველების საყვარელი ადგილია გაზაფხულსა და შემოდგომაზე შესასვენებლად.

 

ერთხელ, დაახლოებით 8 კილომეტრი ვიმგზავრე სან-ფრანცისკოს სამხრეთით, მილაგრის ქედისკენ, პარკის პატარა ავანპოსტისკენ, საიდანაც დიდებული ხედი იშლება წყნარ ოკეანეზე. ცივი ომის პიკზე აქ სარაკეტო ბაზა იყო, მავთულხლართებითა და ნაგაზებით. ახლა ის „ოქროს კარიბჭის“ შემადგენლობაშია. ზღვის ნაგებობების თავზე წამომართული ქედი სიმშვიდის კუნძულად და კალიფორნიული წითელფეხება ბაყაყისა და სხვა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების თავშესაფრად გადაიქცა.

 

გასულ წელს (სანამ 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა), ეროვნული პარკების სამსახურმა „ქალაქის დღის წესრიგი“ გამოსცა, რომელიც 70-იან წლებში დაწყებული „მოქმედებისკენ მოწოდების“ გაგრძელებაა, თუმცა უფრო სწრაფ ქმედებას მოითხოვს: ეს ორგანიზაცია უფრო რელევანტური უნდა გახდეს ამერიკის მზარდი ურბანიზაციის პირობებში.

 

სწორედ ასეთი ახალი წესრიგი მყარდება ინდიანის დიუნების ტბის სანაპიროზე. ის მეტალურგიული ქარხნების ზევით მდებარეობს, მიჩიგანის ტბის გასწვრივ ჩრდილო-დასავლეთ ინდიანაში და აშშ-ის ერთ-ერთი უღარიბესი ქალაქის, გერის სანაპიროზეა გადაჭიმული. „დიდი პარკები იზიდავენ მდიდარ, თეთრკანიან ადამიანებს“, – მითხრა პარკის ხელმძღვანელმა პოლ ლაბოვიცმა. თუმცა პარკების სამსახურის მომავალი ნიშნავს ახალ ვიზიტორებს; ამის გაკეთება კი ქალაქის პარკებში უფრო ადვილია. ლაბოვიცის თქმით, ქალაქის პარკები ახალი ფენომენია, ამიტომ ტრადიციები ნაკლებად ბოჭავთ და მეტი ექსპერიმენტის საშუალება აქვთ.

 

საკულტო ურბანული პარკები, სწორი საზღვრებითა და კვადრატული ფორმებით, მნიშვნელობას არ კარგავენ. მათ მთელ მსოფლიოში უფრთხილდებიან. თუმცა, მსგავსი დაგეგმარება დიდ პრობლემად იქცა ქალაქებისთვის. შეერთებულ შტატებსა თუ მის საზღვრებს გარეთ, ქალაქის ახალ პარკებს მიწის შეძენისა და განვითარების პრობლემები აქვთ. ახლა მათზე მეტი ზედამხედველობაა როგორც საზოგადოების, ასევე მარეგულირებელი ორგანოების მხრიდანო, მითხრა ადრიან ბენეპემ, Trust for Public Land-ის სიტი-პარკის განვითარების დირექტორმა და ნიუ-იორკის პარკების ყოფილმა რწმუნებულმა: „ძნელია, თანხების მოძიებაც, რადგან ქალაქები ჯანდაცვისა და განათლებისთვისაც იხდიან ფულს. ხშირად პარკები მათი პრიორიტეტების სიაში ბოლო ადგილზეა“. პარკების გასაშენებლად და მათ სამართავად კერძო სექტორთან მუშაობა უკეთეს შედეგს იძლევა.

 

მსოფლიოში ყველაზე ამბიციური ურბანული პარკი, რომელიც კერძო ბიზნესით იმართება, შესაძლოა, პრეზიდიო (ყოფილი სამხედრო ბაზა) იყოს. ის „ოქროს კარიბჭის“ სარეკრეაციო ზონის ნაწილია, თუმცა დამოუკიდებელი მმართველობა აქვს. სან-ფრანცისკოს უბის შესასვლელთან მდებარე პრეზიდიოზე პრეტენზიას ჯერ ესპანეთი აცხადებდა, შემდეგ მექსიკა, 1846 წელს ის აშშ-ის საკუთრება გახდა. 1989 წელს პრეზიდიო ეროვნული თავდაცვისთვის არასაჭიროდ მიიჩნიეს, ხოლო ბაზა – 603 ჰექტარი ყაზარმებით, ნაგებობებით, მდელოებითა და სუნთქვისშემკვრელი ხედებით – დახურეს.

 

ცენტრალ-პარკი, ბერდვოჩერი ჯეფრი უარდი

 

 

1994 წელს ის პარკების სამსახურს გადაეცა. სხვა ეროვნული პარკებისგან განსხვავებით, პრეზიდიოს საკუთარი დირექტორთა საბჭო ჰყავს. მისი ყოველწლიური შემოსავალიც იზრდება, ძირითადად, ყოფილი სამხედრო კორპუსების გაქირავებით, ასევე სამედიცინო და ადმინისტრაციული შენობების ადგილობრივ და კომერციულ დამქირავებლებზე გადაცემით. დასაქმებულია 4000 ადამიანი, მათგან 3500 აღდგენილ ბაზაზე ცხოვრობს. ერთი გამორჩეული შენობა, ოდესღაც რომ არმიის მაღალჩინოსნები ცხოვრობდნენ, ახლა თვეში 12 000 დოლარად ქირავდება. თანხა რესტავრაციას, რემონტსა თუ ტექნიკურ მომსახურებას ხმარდება. უსარგებლო, ნაკლებად ისტორიული ნაგებობების დანგრევა კი ადგილს გაუთავისუფლებს ჭარბტენიან ტერიტორიებს, რომლებიც აღსადგენია და ბიომრავალფეროვნების ფართო გეგმის ნაწილს შეადგენს.

 

გუელის პარკი, ბარსელონა (ესპანეთი). ანტონიო გაუდიმ ეს უბანი ბარსელონას მდიდრული რაიონისთვის დააპროექტა, მაგრამ ეს უძრავი ქონება არარენტაბელური გამოდგა. ქალაქმა ის შეისყიდა და საზოგადოებისთვის გახსნა. აქ ნახავთ „დრაკონის კიბეს“, მოზაიკურ ქანდაკებებს, მოედნიდან კი ხმელთაშუა ზღვის ხედები იშლება

 

თუმცა, პარკის ვიზიტორებსა და ირგვლივ მცხოვრებლებს შორის ბალანსი ურთულესი მისაღწევია.

 

ხელუხლებელი ადგილები, შესაძლოა, ნათელ წერტილად მოგვეჩვენოს, ისეთ გარემოდ, რომელიც პრაქტიკულად აღარსად არსებობს. ქალაქის პარკებს არ აქვთ პრეტენზია, რომ ხელშეუხებლები არიან, მაგრამ სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალებას მაინც ხომ იძლევიან. ამაზე ვფიქრობდი, როდესაც ტემპელჰოფს, ბერლინის ცენტრთან ახლოს, პარკად ქცეულ აეროპორტს ვესტუმრე. კვირა საღამო იყო და მზის ჩასვლამდე ერთი საათით ადრე, ხალხი პარკისკენ მიედინებოდა. ორკილომეტრიან ასაფრენ ბილიკებზე ველოსიპედებით სეირნობდნენ; მინდვრის გარშემო დარბოდნენ – ახალგაზრდა მამაკაცები სკეიტბორდებით დაქრიან, დედები ბურთს უგორებდნენ შვილებს. ეს გერმანიაა, აქ ლუდიც იყო.

 

2008 წელს ტემპელჰოფის აეროპორტი დახურეს. ორი წლის შემდეგ ეს ადგილი პარკად იქცა. არავინ იცოდა, მოეწონებოდათ თუ არა ის ბერლინელებს. მაშინ პარკში (ისევე როგორც ახლა) კომფორტი ნაკლები იყო; თითქოს აეროდრომი მხოლოდ ერთი დღით დაიხურა ასფალტის ხელახლა დასაგებად. თუმცა მისი ავთენტურობა (იგი მეტწილად არ შეცვლილა) პარკის მთავარ კოზირად იქცა. მოსახლეობას მოეწონა მისი გახსნილობა – ღია სივრცეში მზის ჩასვლის ცქერა. ესიამოვნათ შესვლა იქ, სადაც ეს ოდესღაც აკრძალული იყო. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი თავისუფლების შეგრძნებით ტკბებოდნენ ტემპელჰოფის 300 ჰექტარზე. ქალაქგეგმარების სპეციალისტებმა ტერიტორიის მეხუთედზე საცხოვრებელი და საოფისე ფართების მშენებლობის წინადადება წარადგინეს. ამას საპასუხო რეაქცია მოჰყვა. 2014 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების უმეტესობა დაბლოკა.

 

„აქ შეგიძლია შეიგრძნო ცა. შეგიძლია ისუნთქო, – მითხრა დიეგო კარდენასმა, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, – ტემპელჰოფში ბალახზე ვსხედვართ – თუ აქ მშენებლობას ერთხელ მაინც დავიწყებთ, პროცესი აღარ დასრულდება“. ჯერჯერობით, ტერმინალის შენობის ნაწილი, 1200-მეტრიანი მრუდე სახურავით, იმ ათასობით ლტოლვილის დროებითი თავშესაფარია, რომლებიც ბოლო დროს გერმანიას მოაწყდა.

 

 

სილეზიის პარკი, ხოჟუვი (პოლონეთი), გაიხსნა 1955 წელს. წიდის გროვების, უკანონო მაღაროებისა და ნაგავსაყრელებისგან გამოგლეჯილი ეს პოსტინდუსტრიული ლანდშაფტი მოხალისეებმა გაამწვანეს. ის მოიცავს ზოოპარკსა და დინოზავრების ველსაც. სამხრეთ პოლონეთის ურბანულ ცენტრში ეს პარკი სასურველი ადგილია ახალგაზრდებისთვის

 

 

 

ჩინოვნიკები ამბობენ, რომ განვითარების გეგმა არ იყო კარგად ახსნილი, არ ჰქონდათ გაცნობიერებული, რა რეაქცია ექნებოდათ პარკში მოხვედრილ ადამიანებს. მათი თქმით, ბერლინელებს კარგი გამოცდილება აქვთ – პრეტენზია გამოაცხადონ გამოუყენებელ ღია მიწებზე. ტემპელჰოფში კი ამან კოლოსალური მასშტაბები შეიძინა.

 

„მათ მისი მიტაცება სურდათ, – მითხრა ქალაქის მმართველობის დამგეგმარებელმა ურსულა რენკერმა, – ადამიანთა უმეტესობისათვის აეროპორტი მათი ისტორიის ნაწილი იყო. მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებდა შემოსაზღვრულობა; იქ მოსახვედრად ჭიშკარი უნდა გაგევლოთ“.

 

ჭიშკრები ჯერ ისევ ადგილზეა. ადამიანები იქ გავლისას იღიმებიან. შესაძლოა, ქალაქის პარკები ღირსშესანიშნაობებს არ მიეკუთვნება, მაგრამ მათი მონახულება ნამდვილად ღირს.

 

ასეთია ჩემი საყვარელი ქალაქის პარკიც, სახლთან ახლოს ჭარბტენიანი ტერიტორია. იქ არაფერია მყვირალა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ჰექტრამდე დაბლობი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს გადაურჩა. მიყვარს დილაადრიან მისვლა, ლელქაშში სიარული და ორი სამყაროს ცქერა – მოასფალტებული გზისა და ჭაობის. მზის ამოსვლისას, ხის კენწეროები ნათდება და პარკის ოთხზოლიან გზებზეც მოძრაობა მატულობს. თანდათან ხმაური ფონად იქცევა, მაგრამ თუ ამ დროს კარგად მივაყურადებ, ფრინველთა გალობა მესმის.

 

სილეზიის პარკი, დამსვენებელი მაია პერიგა ფოტოაპარატით

 

პრეზიდიო, სან-ფრანცისკო (კალიფორნია), გაიხსნა 1996 წელს. მზის ჩასვლა და მიქცევა მოსეირნეებს მარშალის სანაპიროსკენ იზიდავს. სან-ფრანცისკოს უბის შესასვლელთან სტრატეგიულ ადგილას მდებარე პარკი 218 წლის განმავლობაში სამხედრო საგუშაგო იყო. სხვა ეროვნული პარკებისგან განსხვავებით, ის ფედერალური ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. შემოსავლის უმეტესობა ყოფილი სამხედრო შენობების გაქირავებით მოდის

 

შერბურნის პარკი, ტორონტო (ონტარიო), გაიხსნა 2010 წელს. ქორწილში ფოტოს გადასაღებად პოზირებენ მოთუთიებულ პავილიონზე. პარკი გთავაზობთ მწვანე სივრცეს ონტარიოს ტბის სანაპიროზე და საციგურაო მოედანს. პავილიონის ქვეშ დამონტაჟებული სისტემა მოვარდნილ წყალს წმენდს და შემდეგ ტბაში უშვებს. პარკის დიზაინმა ჯილდოც დაიმსახურა სუფთა იერსახის გამო.

 

 

 

http://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=magazine2&id=484&fotocat=402

right_banner right_banner
არქივი
right_banner