logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან
- +

31 მაისი. 2018. 14:43

 

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.

 

„ბატონ ზაზა სარალიძეს კითხვის ნიშნები აქვს გამოძიებასთანაც. ყველა საგამოძიებო მოქმედება გამოძიების დაწყების დღიდან მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩავატარეთ. ჩვენ გვქონდა მაქსიმალური კომუნიკაცია დაზარალებულებთან და ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, დაზარალებულებისთვის აგვეხსნა, თუ რას ვაკეთებდით, რაც ხშირ შემთხვევაში რთულია, რადგან ეს არის სამართლებრივი პროცესი და გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა საზოგადოებაში და ბატონ ზაზა სარალიძესთან აღარ იარსებოს იმ კითხვის ნიშნებმა, რომ მთავარმა პროკურატურამ რაღაც არ გააკეთა, გადავწყვიტეთ, ამ საქმის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკურორები. ისინი ჩაერთვებიან უშუალოდ გამოძიების პროცესში“, - განაცხადა შოთაძემ.

 

შოთაძემ ბრიფინგზე დაასახელა აღნიშნული უცხოელი პროკურორები:

 

„სერ ჯეფრი ნაისი - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია; მოშე ლადორი - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმისწარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი; პოლ კაფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას“, - განაცხადა შოთაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner