logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: დაკითხული 100 მოწმიდან ოთხის გარდა არავინ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას, თუ ვინ გამოიყენა დანა
- +

31 მაისი. 2018. 16:36

 

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკითხული 100 მოწმიდან ოთხის გარდა არავინ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა ინციდენტში დანა.

 

მისი განმარტებით, საზოგადოების გვერდით დგომის გარეშე დანაშაულთან ბრძოლა არის ურთულესი.

 

„ხაზი მინდა გავუსვა იმ საგამოძიებო პრობლემატიკას, რასაც გამოძიება ამ საქმის გამოძიებისას წააწყდა. როდესაც ვსაუბრობ ჩემს პასუხისმგებლობაზე, მე ეს პასუხისმგებლობა კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, მაგრამ ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დანაშაულთან ბრძოლა მარტივი არ არის და საზოგადოების გვერდით დგომის გარეშე არის ურთულესი. მინდა ხაზი გავუსვა იმ საგამოძიებო პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით საქმის სამართალწარმოებისას. ინციდენტი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, ხდებოდა დღისით, მზისით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. ამაში მონაწილეობდა ათეულობით ახალგაზრდა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

მთავარი პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია ასეულობით მოწმე და 100 მოწმიდან არავინ, ოთხის გარდა არ აძლევს გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ გამოიყენა დანა ამ ინციდენტში.

 

„არც ერთი, ამ ოთხი ადამიანის გარდა, არ საუბრობს დანის არსებობაზე. ისინი ამბობენ, რომ მათ არ დაუნახავთ, ვის ეჭირა დანა. ამ 100 მოწმიდან, ვინც გამოძიებამ დაჰკითხა და შემდგომ ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე წარდგნენ, 14 მოწმე არის 51-ე სკოლელი. ისინი არიან მოკლულების მეგობრები და კლასელები. არც ერთი მათგანი ვერ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას, ვინ გამოიყენა დანა, ვის ჰქონდა დანა“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

 

მისი განმარტებით, აღნიშნული არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.        

 

„ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან როდესაც ვსაუბრობთ პროკურატურის პასუხისმგებლობაზე, მე მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა, ჩვენ ყველამ, საზოგადოებამ უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ეს საქმე არ არის ბოლომდე დამთავრებული. ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან დღეს მოვისმინეთ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მას არ ვეთანხმებით, თუმცა ჯერ არ ვიცით, მოსამართლემ რა გარემოებები მიიჩნია იურიდიულ ფაქტად და რა გარემოებები არ მიიჩნია იურიდიულ ფაქტად“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner