ყოფილი მსჯავრდებული გვანცა ყუფარაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ადამიანი, რომელიც გულწრფელად, სამართლიანობის ღირებულებიდან გამომდინარე უდგება ამ საკითხს - ტრაგედიას და პარალელურად შესწევს უნარი, აღიქვას მოცემულობის მთლიანი სურათი, ნაცვლად მხოლოდ ფრაგმენტულ მონაკვეთზე ყურადღების გამახვილებისა, აუცილებლად ურჩევს ტრაგიკულად მოკლული ბავშვების მშობლებს, რომ ეს ის გზა არ არის, რომელიც იმ შედეგამდე მივა, რის გამოც მთელი არსებით იბრძვიან.
ვგრძნობ ამ ტკივილს და არ შემიძლია პოპულისტური მოქმედებები, იმიტომ, რომ გული მერევა ამ ყველაფერზე. უბრალოდ არ შემიძლია.
არ ვიცი, როგორც მამაჩემს, ისე ვეტყოდი ბატონ ზაზა სარალიძეს: ეს ის გზა არ არის, ბატონო ზაზა. ასე ვერაფერს გახდებით. ყველა თავის საქმეს იკეთებს თქვენი ტრაგედიით, თქვენ კი დარჩებით მარტო ამ გაურკვევლობაში და ტკივილში. ამდენი ხალხია თქვენს გარშემო და თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ მათთან ერთად მარტო არ იქნებით, მაგრამ იცით, რაც მეტი ადამიანი მოდის ამ აქციაზე, მით მეტად მარტო რჩებით.
ყველა თავისი „სიმართლისთვის“ იბრძვის, ბატონო ზაზა.
მე ვიცი, ვინ არიან „სამართალდამცავები“, ვიცი, რისი გაკეთება შეუძლიათ, ამიტომ იმასაც ვხვდები, რომ დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება თქვენ გაძლევთ შანსს, რომელიც წარსულში არ არსებობდა. სისტემა სისტემის წინააღმდეგ წავიდა. კარი გაიხსნა, ბატონო ზაზა. ნუ აუვლით გვერდს. ეს თქვენი კარია და არა აქციის ორგანიზატორების.
მე ვიცი, რომ სახელმწიფო უწყებებში გარეწრები ბუდობენ, მაგრამ დღეს იმ აქციაზე, რომლის იმედიც გაქვთ, იმაზე მეტი გარეწარია, ვიდრე ყველა დროის ხელისუფლებებში ერთად, ამ ქვეყნის ისტორიის მანძილზე. თქვენ გვერდით დგანან ადამიანები, რომლებმაც ის სისტემა შექმნეს, რომლის ნარჩენებსაც დღეს თქვენ ებრძვით და წარმოიდგინეთ, ბატონო ზაზა - ეს მხოლოდ ნარჩენებია, აღუწერლად საშინელი იყო ეს ბოროტება წელში გამართული. ადამიანურად მესმის თქვენი, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ მაინც გვერდით იყენებთ ამ ადამიანებს, რადგან ხართ მათთან, ვინც გვერდით დაგიდგათ და ასევე მესმის ამ პროცესის არაადამიანური ბუნება, რომელიც კიდევ მეტად გატკენთ.
ვიცი, რომ ჩემი ეს პოზიცია აგრესიის მიზიდულობის ცენტრი გახდება და მზად ვარ ამისთვის, მივიღებ ამას უკომენტაროდ! ეს არ არის პოპულარული აზრი, ეს არის ჩემი ვალდებულება - ვიყო არაპოპულარული, რადგან შემიძლია იმის წარმოდგენა, თუ როგორ გტკივათ და იმიტომაც, რომ არ შემიძლია თქვენს გვერდით დგომა, ასე.
არ მიჰყვეთ ინერციას, რომელიც არ არის თქვენი.
ცხოვრება საშინლად უსამართლოა თქვენთვის, მაგრამ სიმართლის პოვნის შანსი ახლა ნამდვილად გაქვთ. ეს ტკივილს ვერ შეგიმსუბუქებთ, უბრალოდ ადამიანების მიმართ წარმოდგენას ოდნავ მაინც აგიმაღლებთ, რისი მიზეზიც დღეს ნამდვილად არ არსებობს.
გფარავდეთ განგების სამართალი, ადამიანურ სამართალთან ბრძოლის გზაზე!
მიგულეთ თქვენს გვერდით და დიდი ბოდიში, რომ ასე არ შემიძლია თქვენს გვერდით დგომა“, - წერს ყუფარაძე.