ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მიუნხენის „ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკო" მიიღო. „ალიანს არენას" ტრიბუნებზე შექმნილი საფეხბურთო ატმოსფერო მოედანზე იშვიათმა საფეხბურთო სანახაობამ დაამშვენა.
გუნდების პირველი დაპირისპირება „ვისენტე კალდერონზე" მასპინძელთა მინიმალური სხვაობით გამარჯვებით დასრულდა და განმეორებით მატჩში „ბაიერნს" ფინალში გასაღწევად სასურველი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებოდა. გერმანელთა ესპანელი დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა ამ ბარიერის გადალახვაში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ მატჩის წინ ფსონზე საკუთარი სიცოცხლეც კი დადო.
შეხვედრამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და სტადიონზე შეკრებილმა 70 ათასმა გულშემატკივარმა უხვგოლიანი დაძაბული დაპირისპირება იხილა.
მოლოდინისამებრ, დიეგო სიმეონემ საკუთარ ტაქტიკას არ უღალატა და კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა პირველივე წუთებიდან დაიწყო. „ბაიერნმა" რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ 31-ე წუთზე მოახერხა. თავი ჩაბი ალონსომ გამოიჩინა. ესპანელმა მეკარისთვის საკმაოდ უხერხულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი რიკოშეტით შევიდა იან ობლაკის კარში. გატანილი გოლიდან 3 წუთში „ატლეტიკოს" კართან 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ გერმანელები ნანატრ მიზანს დარჩენილ დროში უპრობლემოდ მიაღწევდნენ, თუმცა ტომას მიულერმა სათანადოდ კარგად ვერ დაარტყა პენალტი და ობლაკს მისი მოგერიება არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე „ბაიერნი" შეტევაში სრულად გავიდა, რასაც ესპანელთა კონტრშეტევა მოჰყვა - ფერნანდო ტორესმა ანტუან გრიზმანი ნოიერთან ერთი-ერთზე გაიყვანა, რის შემდეგაც ფრანგს წონასწორობის აღდგენა აღარ გასჭირვებია - 1:1.
გააფთრებული მიუნხენელები შეტევაზე კიდევ უფრო მასიურად გადავიდნენ და 74-ე წუთზე, ვიდალის ზუსტი თავური პასის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა - 2:1. ხოსეპ გვარდიოლამ საკუთარ ფეხბურთელებს შეტევაში კიდევ უფრო აგრესიულად თამაშისკენ და დიდი ძალებით მეტოქის ნახევარზე ასვლისკენ მოუწოდა, რასაც 84-ე წუთზე, ესპანელთა მორიგი კონტრშეტევა და ნოიერის კართან დანიშნული პენალტი მოჰყვა, თუმცა ფერნანდო ტორესმაც მიულერის მსგავსად შეასრულა დარტყმა და გერმანელთა კარის დარაჯმა საკუთრი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა. დარჩენილ დროში „ბაიერნმა" არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა „ატლეტიკოს" დაცვის ხაზი და ობლაკი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. საბოლოოდ, შეხვედრა „ბაიერნის" გამარჯვებით - 2:1 დასრულდა და ფინალში „ატლეტიკო" ითამაშებს.
გუშინდელ დაპირისპირებას როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია, რომელთა თავი და თავი, გასაკვირი არაა, რომ არგენტინელი დიეგო სიმეონე გახლდათ. შეხვედრის არბიტრებმა მას არაერთხელ მოუწოდეს დამშვიდებისკენ.
ფინალში „ატლეტიკო" „მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის „რეალს" შორის გამარჯვებულს შეერკინება. ამ უკანასკნელებმა ინგლისში ფრე - 0:0 ითამაშეს და გადამწყვეტ დაპირისპირებას „სანტიაგუ ბერნაბეუზე" დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავენ.
„ბაიერნი" - „ატლეტიკო" 2:1 (0:1)
გოლები: ალონსო (31'), გრიზმანი (53'), 2:1 ლევანდოვსკი (74');
„ბაიერნი" (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო - დუგლას კოშტა (კომანი 73'), ვიდალი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი;
„ატლეტიკო" (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, ფერნანდესი (ფერეირა-კარასკო 46'), კოკე (სავიჩი 93'), ნიგესი - გრიზმანი (ტომასი 82'), ტორესი
გაფრთხილება: ხავი მარტინესი - ხიმენესი