logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ირაკლი შოთაძის გადადგომაზე: მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები
- +

31 მაისი. 2018. 20:07

 

 

„ირაკლი შოთაძის გადადგომა რომ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგად“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

თეა წულუკიანის თქმით, ის შოთაძის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ამასთან იუსტიციის მინისტრი წერს, რომ საქართველოს ყველა პროკურორს ენდობა.

 

„მსურს, მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა იჩენდა ყველა სამართლებრივი პროგრესული იდეისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ტრაფარეტულად ჟღერს? აბა, მე მკითხეთ შოთაძემდე პროკურატურაზე ამბებს მოგიყვებით ბევრს.

 

მსურს მადლობა გადავუხადო მას ასევე იმისათვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა - გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. იმედი მაქვს მეც.

 

დამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის „თავი“. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით? - ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?

 

ახლა კი მინდა მივმართო საჯაროდ საქართველოს ყველა პროკურორს: მე თქვენ გენდობით. მინდა, გენდობოდეთ მომავალშიც და ამიტომ გთხოვთ, არაფრის ფასად არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ჩვენ ცუდი წარსული გვინახავს ერთად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესის გზაზე სიარული.

 

ამიტომაც, მანამ სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვეული სიდინჯე და მიუხედავად ყველაფრისა, გჯეროდეთ, რომ დაზარალებულმა იცის, რამხელა ჯაფა გადგათ. მაგრამ დაზარალებულს არ მოსთხოვოთ, არ ჰქონდეს ემოციები“, - წერს წულუკიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner