„თანადებობიდან გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, რაც წინა ხელისუფლების პირობებში არ და ვერ მოხდებოდა“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა საქართველოს მთავარ პროკურატურაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს იმ საგამოძიებო ჯგუფის სრული შემადგენლობა, რომელიც იძიებდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს. ამასთან, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გამოძიება ჩიხში შეიყვანეს.
ჩვენი პოზიცია ამგვარია: გასული წლის 1 დეკემბერს მთელი საქართველო შეძრა უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა. ახლა საზოგადოება აღშფოთებულია, რადგან თვეების მანძილზე ველოდებით გამოძიების დასრულებას და სამართლის აღსრულებას. დღეს კი, სასამართლო დაუპირისპირდა გამოძიებას და გაჩნდა უფრო მეტი კითხვა, ვიდრე საქმის დასაწყისში იყო.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ადვოკატებს, ექსპერტებს, აზრთა სხვადასხვაობა და უნდობლობაა საზოგადოებაში, ყველაზე მთავარი - დაზარალებული მხარე არ ენდობა გამოძიებას, აქვს მისი არგუმენტები. სწორედ ამიტომ, მიუხედავად მთავარი პროკურორის გადადგომისა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა, კომისიაში უნდა ჩაერთონ დაზარალებული მხარე და მისი ადვოკატები, მაღალი კომპეტენციის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. საპარლამენტო კომისიაში მაღალი უნდა იყოს მედიის ჩართულობა.
პრაქტიკულად, ეს უნდა იყოს კომისია, რომელიც უპასუხოდ არ დატოვებს არც ერთ კითხვას.
ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში!
მითუმეტეს, რომ 2004-2012 წლებში ჩვენ გავიარეთ ეს გზა: უსამართლობის, განუკითხაობის, ახალგაზრდების მკვლელობების. საუბედუროდ, ამ გახმაურებული საქმეების დიდი ნაწილი არაა გამოძიებული და ის დამნაშავეები არ არიან არა მარტო დასჯილნი, არამედ დღეს ცინიკურად გვასწავლიან, რაშია დემოკრატიის არსი!
მინდა გულწრფელი ვიყო საზოგადოების წინაშე და გითხრათ, რა მაჩერებს, როცა ამ წუთებში არ ვდგავარ პროკურატურის წინ. ის ადამიანები მაჩერებენ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის თანამდებობის პირები იყვნენ და კრინტი არ დაუძრავთ გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის, მოლაშვილის, სხვათა მკვლელობებზე. მეტიც, ზოგიერთი თავად მონაწილეობდა ამ მკვლელობაში, ზოგი - ხელს აფარებდა დამნაშავე რეჟიმს.
ამასთან, დღეს ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის გამოძიების შემდეგ, საზოგადობაში არ მინელდეს ეს კონსოლიდაცია და პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულებებს სრულყოფილად გამოძიებს“, - წერს ირმა ინაშვილი.