logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: საგამოძიებო კომისიის შექმნა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი დაზარალებულისთვის
- +

31 მაისი. 2018. 21:19

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კომისიის შექმნა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი დაზარალებულისთვის, რომ ხელისუფლება, პარლამენტი მზად არის, დაეხმაროს მოქალაქეებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში იპოვონ სიმართლე. მისი თქმით, კომისიის შექმნით პარლამენტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

 

„დღეს მივიღეთ მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც საქმე ეხება მკვლელობას, არ მახსოვს პარლამენტში ასეთი მაღალი დონის საგამოძიებო კომისიის შექმნის პრეცედენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც დაკომპლექტდება და რომელშიც ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს უმრავლესობა, უნდა იყოს 17 წევრისგან შემდგარი. კომისიის თავმჯდომარესაც ირჩევს პარლამენტი. რაც შეეხება მანდატს, საგამოძიებო კომისიას აქვს ძალიან მაღალი მანდატი. რეგლამენტით მას შეუძლია ნებისმიერი პირის დაბარება, სისხლის სამართლის მასალების გამოთხოვა და ახსნა–განმარტება, გამოკითხვა და სხვა ტიპის მოქმედებების ჩატარება. პირველ ეტაპზე განსაზღვრულია ერთი თვე და შემდეგ სამი თვე არის, მაგრამ სასურველია, რომ რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეფექტურად მოხდეს გარემოების გამოკვლევა. ბუნებრივია, ეს ძალიან რთული შემთხვევაა და მნიშვნელოვანი იქნება ყველა პირმა, ვინც ინფორმაციას ატარებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომისიასთან ითანამშრომლოს და ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, იმ პირებმა, ვისაც გამოძიებასთან არ უთანამშრომლია ან ჩვენებას არ იძლეოდა კომისიის წევრებთან, იმ მანდატის ფარგლებში, რაც აქვთ კანონით, მისცენ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი დაზარალებულისთვის, რომ ხელისუფლება, პარლამენტი მზად არის, დაეხმაროს მოქალაქეებს, ვიპოვოთ ერთად მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სიმართლე და მივიდეთ სამართლიანობის იმ ნიშნულამდე, რომლითაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner