ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად გეგმავს. ამის შესახებ შიხიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შიხიაშვილის თქმით, ის დამოუკიდებელ მაჟორიტარად კენჭს სავარაუდოდ თბილისში იყრის. მისივე განცხადებით, მას ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, თუმცა ამაზე სერიოზულად ფიქრობს.
„როდესაც გამოცხადდება საარჩევნო პერიოდი, მაშინ ვისაუბრებ ამ საკითხზე დეტალურად",- აღნიშნა შიხიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ის ხელისუფლების კრიტიკას არ აპირებს, რადგან მისი მიზანი საქმის კეთება იქნება.
მისივე თქმით, არჩევნები აჩვენებს, თუ რამდენად აქვს მას, როგორც პოლიტიკურ პერსონას, გამარჯვების შანსი.
„პოლიტიკიდან არასოდეს წავსულვარ. პოლიტიკური გეგმები მაქვს. არც ერთი პარტიის სიით არ ვგეგმავ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ. ამ თემას დამოუკიდებელ მაჟორიტარად განვიხილავ. თუ სად, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების კრიტიკა ჩემი თვითმიზანი არასოდეს იქნება, ჩემი თვითმიზანია, ვაკეთო საქმე", - აღნიშნა შიხიაშვილმა.