logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: SOS! SOS! SOS!
- +

28 მაისი. 2018. 22:43

SOS!!!! SOS!!!! SOS!!!

**************************

 

ჭკვიანი სწავლობს სხვის შეცდომებზე, ბრიყვი - საკუთარზე,

ანუ,

რა კავშირი აქვს მილიონი გერმანელის გაფიცვას

თბილისის საპროტესტო მიტინგთან?

 

*******************************************

 

საერთაშორისო პრესის ფურცლებზე ანშლაგით გამოტანილი ეს ფოტო-სურათი - გერმანიის ტრასებზე მილიონობით მიტოვებული მანქანა - თითქოს არაფერ კავშირშია თბილისში, ამ დღეებში გამართულ მოკლული შვილის მამის ზაზა სალარიძის მხარდასაჭერ მიტინგთან, მაგრამ...

 

ეს ერთი შეხედვით...

 

დღეს, ეგებ, მართლაც არ არის პირდაპირ კავშირში. მაგრამ ხვალ, ზეგ... ნამდვილად იქნება...

 

ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ !!!!

 

და იცით რატომ?

 

იმიტომ რომ გირგვლიანების, რობაქიძეების, ვაზაგაშვილების და სხვა ძალადობრივად და ტრაგიკულად სიცოცხლემოსპობილი ადამიანების მაგალითმა ჭკუა ვერ ასწავლა გაქსუებულ და ცხვირაწეულ "ბანდას", რომელსაც ყველა, დროში(!), ყველა რეჟიმის(!) პირობებში ჰქვია უსინდისო და გათავხედებული მაღალჩინოსნების "ორდენი".

 

არა აქვს მნიშვნელობა სად ზის ეს „ბანდა“ - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა თუ... პარლამენტის შენობაში თუ კანცელარიის, პროკურატურის, სასამართლოს, მერიის თუ ადგილობრივი გამგეობის...

 

„ბანდას“ იმიტომაც ეწოდება და კიდეც არის „ბანდა“, რომ მის წევრებს (ოფიციალურს თუ ვირტუალურს) აქვთ ერთნაირი ფსიქოლოგია, რომელიც იშიფრება მოკლედ და კონკრეტულად: „ყველაფერი ფეხებზე მკიდია“; რომ გამოირჩევა არასახელმწიფოებრივი აზროვნებით, ხასიათდება დაუფარავი უტიფრობით, ერთნაირადაა გამორჩეული პათოლოგიური გულქვობით თუ უსინდისობით...

 

ასეთი „ბანდის“ წინააღმდეგ არ მოქმედებს არც ლექცია - „ნოტაცია“, არც მოწოდება, არც სინდის-ნამუსზე შეგდება, არც მუქარა და თითის ქნევა... არ მოქმედებს არაფერი ადამიანური მორალის არცერთი პოსტულატი, გარდა ერთისა: ხალხის - უკმაყოფილობით, შეურაცხყოფით, წყენით და უკვე საზღვარგადასული მოთმინებით გაერთიანებული ადამიანების რ ი ს ხ ვ ი თ შეკრული მ უ შ ტ ი.

 

დიახ, ერთ მუშტად შეკრული და გაერთიანებული საზოგადოების სილა ან დერტყმა უნამუსო ცხვირ-პირში!

 

და მიყოლებული პანღური... უკანალში!

 

ისე, როგორც ეს ეფექტიანად მოხდა, მაგალითად, ჩვენში, 2003 წლის ნოემბერში... ან, 2012 წლის ოქტომბერში... სხვაგანაც -უკრაინაში, ყირგიზეთში... აი, თუნდაც, სულ ახლახანს, მეზობელ სომხეთში...

 

ამ რადიკალური ნაბიჯების თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად სახელმწიფო და საზოგადოება სხვადასსხვა მეთოდს მიმართავენ: პოლიტიკურს, მორალურს, ძალადობრივს... თუმც, ყველა მეთოდის მიზან-ჩანაფიქრი ერთია: კრიზისის თავიდან აცილება, მისი გამომწვევი მიზეზის, ანუ, "ორთქლის გამოშვებით" მასების დამშვიდება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის ნორმალურ კალაპოტში ჩაგდება-გაგრძელება.

 

ზოგს, ვისაც ჭკუა და გამოცდილება აქვს, ეს გამოსდის უსისხლოდ, ძალადობის გარეშე. ზოგს-არა და... სამთავრობო კაბინეტიდან „პანღურამორტყმული“ მიდის... სახლში. ზოგიც იძულებულია ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს.

 

აი, ამ ბოლო მიდგომის - ჩათრევა-ჩაყოლების ჭკუის სასწავლებელი, ქრესთომატული მაგალითია, სწორედ ზემოთ მოტანილი, აქამდე არნახულად ორიგინალური და ფსიქოლოგიურად ზუსტად გათვლილი და უმაღლესი ორგანიზებულობით გამორჩეული გერმანული აქცია: ზუსტად ე რ თ საათში, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ საწვავზე აქციზი გაზარდა, მილიონობით გერმანელმა მოქალაქემ, მთელი ქვეყნის საავტომობილო ტრასებზე საკუთარი მანქანა გააჩერა, უპატრონოდ მიატოვა და... სახლში ფეხით წავიდა. (ჰო, ბიჭო, ერთბაშად ერ ედარდა ვინმეს, არიქა მანქანიდან რამე არ მომპარონ- მაგნიტოფონი, სარკე, ან, ბოლოს და ბოლოს, „ნასოსიო“...)

 

შედეგმა არ დააყოვნა: სახელმწიფომ, მთავრობამ არამცთუ უმალ აღიარა თავისი შეცდომა, არამედ... დაუყონებლივ, ყოველგვარი წუწუნის და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გააუქმა თავისივე არაპოპულარული გადაწყვეტილება და შეამცირა აქციზი.

 

ხალხის ნება, მისი ასე ემოციურად გამოხატვა საკმარისი აღმოჩნდა გონივრული, პოლიტიკურად გაბედული, თუმც, მთავრობის ავტორიტეტისთვის არცთუ სახარბიელო ნაბიჯის გადასადგმელად. (როგორც ჩანს, ყველგან, ნებისმიერ მთავრობაში მოიძებნება თავისი „გახარია“!)

 

აი, ეს იყო „საზოგადოებრივი აზრის“ გავლენის და მისი მორალური „მუშტის“ სიძლიერის დემონსტრაცია, რომელსაც ჰქვია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ე რ თ ო ბ ა!

 

ამ ერთობას კვებავს საერთო მიზანი, აღქმა საერთო „პრობლემისა“, რომელიც ეხება ყველა გერმანულ ოჯახს...

 

როგორც მედია ხაზგასმით აღნიშნავს, ამ მასშტაბური დემონსტრაციის დროს იყო სამთავრობო სტრუქტურების სერიოზული, კონკრეტული კრიტიკა, გამოიხატა მოქალაქეთა უკმაყოფილება, მაგრამ არსად ყოფილა ლანძღვა-გინება, ანგელა მერკელის დედის მოკითხვა, შინაგან საქმეთა თუ ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, ბილწსიტყვაობა, მუქარა... მით უმეტეს, არავის მოუთხოვია კონსტიტუციაში სასწრაფოდ ცვლილებების შეტანა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მთავრობის გადადგომა და... „ნარკოტიზმის“ ლეგალიზაცია და მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია...

 

ეს არის ნორმალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება. ამას ჰქვია სახელმწიფო აპარატის მიერ პრობლემის გადაჭრა ჩანასახში... ეს უნდა ვისწავლოთ ევროპისგან!

 

...ძალა ერთობაშიაო, ახლა რომ „აღმოუჩენიათ“ გერმანელებს, ვითომ ჩვენ არ ვიცოდით ეს? თანაც, აუუუუ, რამდენი ხნის წინა? მის პარალელურად, გერმანელებისგან განსხვავებით, ჩვენ „ნაცარქექიას“ ფრთიანი ფრაზაც გვაქვს: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა!“ ამ სიბრძნეებს დიდი იაკობ გოგებაშვილის მეთოდით და „დედაენით“, საბას იგავ-არაკებით, ხალხური ზღაპრებით (კომბლე ჯეჯელავამ რომ „გაგვიბანძა“), არცთუ შორეულ წარსულში, ასწავლიდნენ საბავშვო ბაღებსა თუ დაწყებით კლასებში და ბეჯითი მოსწავლეები დედის რძესავით ითვისებდნენ ბალღობის ასაკიდან. (ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე ქართულ სკოლას და მეცნიერება-განათლების სისტემას დასახრავ-გასანადგურებლად შეესეოდა ლომაია-შაშკინის არადედაენაზე გაზრდილი „ურდო“.)

 

აი, პროკურორი შოთაძე და მისი ბრიყვი „საძმო“, ეტყობა, იმთავითვე(!!!!) ზარმაცობდნენ და, ადრეულ ასაკში, სკოლაში და ოჯახებში ვერ შეითვისეს ვერცერთი ეს სიბრძნე. და ამ „ოროსნებმა“ და „სამოსნებმა“ (ეს პირობითი ტერმინი ექსპრეზიდენტს დავესესხე) ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ...

 

აი, მივადექით კიდეც, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი მიტინგის თემას და ... შეადარეთ, გერმანიაში დიდ პოლიტიკურ კრიზისად გადაქცევის საშიშროება როგორ უმალ აიცილეს თავიდან „ორთქლის გამოშვებით“ და აქ, ჩვენთან, ერთი ჯიუტი, ცხვირაწეული, კეზერაშვილისა და ფარცხალაძის საფინანსო პოლიციაში დაფრთიანებული ჩინოსანის ამბიციურობამ და უჭკუობამ, როცა მან ვერ „მოახერხა“ პრობლემურ მომჩივანთან კომუნიკაცია, მიგვიყვანა უაღრესად სერიოზულ პრობლემამდე, რომლის გადაჭრა-გამოსწორება არა და ვერ მოხერხდება იოლად და სწრაფად.

 

ვიმეორებ: სწორედ პროკურატურის ზოგიერთი თავკაცის და მაღალჩინოსნის უსუსურობით, საზოგადოებასთან სწორი, კომპეტენტური, გულწრფელი დიალოგის ნებსით თუ უნებლიე უარყოფით, ხაზგასმული ამბიციურობითა და კუდაბზიკობით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გაეღიზიანებიათ, „გადაერიათ“, მწყობრიდან გამოეყვანათ შვილმკვდარი მამა, მისი ნათესავ-ახლობლები, დაღუპული ჭაბუკის მეგობრები და გულშემატკივრები, იმდენად, რომ... დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინამდებარე მოედანზე, უამრავი ტურისტისა და სტუმრის თვალწინ ჩაეტარებინათ საპროტესტო მიტინგი, რომელიც მეტისმეტად პრაგმატულად(!) გამოიყენა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, მავანმა უზრდელმა და პროვოკატორმა კი მკვდარი და ცოცხალი აგინა არა მარტო პროკურატურას, არამედ მთლიანად ხელისუფლებას...

 

ხაზგასმით აღვნიშნავ: არავინ ედავება, (მათ შორის პირადად მეც), ამ სამართალდამცველ სტრუქტურას იურიდიულ ნიუანსებს. არავინ უკირკიტებს გამოძიებას და არ უწუნებს კომპეტენციას, არ უხსენებს არც „ბოტასების“ ქურდობას, არც გაჭიანურებულ სამართალაღდგენით პროცესს და კიდევ სხვა არაერთ „უბედურებას“...

 

უბრალოდ, მათ, მომიტინგეებს, ღრღნით ეჭვი, რომ პროკურატურის ზოგიერთი მუშაკის კორპორატიული და პიროვნული ინტერესების გამო, „ვიღაცას“ არ აწყობს სრული, ანუ ობიექტური სიმართლის დადგენა, რომ მაღალი ხელისუფლების „რომელიღაც“ წარმომადგენელი მფარველობს მავანს და მავანს, ანუ...

 

ყველაზე ცუდი, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ იქ შეკრებილი ადამიანების თვალში (ნეტავ, მხოლოდ მათ თვალში), მთავარმა პროკურატურამ დაკარგა ყველაზე მთავარი: ნ დ ო ბ ა !!!!

 

გეყურება, კოლექტიურო „შოთაძე“: ნ დ ო ბ ა !!! ნდობა! ნდობა!!!!!!!

 

სხვათაშორის, ამ მიტინგზე ზოგიერთი მოპოლიტიკოსო ელემენტის გარდა, არავინ ავყიობდა, არავინ ილანძღებოდა, არავინ იგინებოდა... კი, იყო უმწვავესი კრიტიკა, ზოგჯერ დაუნდობელი, მაგრამ კორექტული, პირდაპირი, კონკრეტული ბრალდებები. სწორედ ამას გამოხატვის უფლება და ადამიანებმა ზუსტი მისამართით გამოიყენეს კონსტიტუციით მინიჭებული ეს უფლება. არა ისე, როგორც ამ ცოტა ხნის წინ იმავე მოედანზე გამართული სამწუხარო და სამარცხვინო „შაბაშის“ დროს...

 

ჰოდა, იყელყელაოს ახლა განივთებულმა სიბრიყვემ! არკვიოს ახლა ვისაც ხელეწიფება არბიტრობა, ვინ და რატომ მიიყვანა ადამიანების ეს ჯგუფი „დუღილის ამ წერტილამდე“? ამას ხომ ვეღარ დააბრალებენ ტრადიციულ უცხოელ მტერს თუ ჩრდილოელ ოკუპანტს? აი, „ოკუპანტის“ საქმე კი . რაც ქვეყანაში არეულობის და ქაოსის სემოტანას გულისხმობს, კონკრეტული „იდიოტების“ ცანცარობით კი მართლაც კეთდება.

 

არადა სულ ცოტა იყო საჭირო:

ცოტა ჭკუა!

ცოტა გათვლა!

ცოტა წინდახედულება!

ცოტა ადამიანობა!

ცოტა სითბო!

ცოტა ყურადღება

ცოტა... ცოტა... ცოტა...

 

ეს ან ოჯახში უნდა ისწავლო, ან სკოლაში, ან უნივერსიტეტში, ბოლოს და ბოლოს... ქუჩაში მაინც!

 

არსად არ გასწავლეს თუ თავად ვერ ისწავლეთ, თქვე უნიჭოებო და მართლა ბრიყვებო!?!

 

P.S.: უკაცრავად ვარ მეგობარ-მკითხველთან მრავლისმეტყველი (ჩვენ შემთხვავაში ზუსტად რომ მიესადაგება ვითარებას) ტერმინების - "სიბრიყვისა" და "ბრიყვების" - ხშირი გამოყენების გამო. მაგრამ, ეგებ, ჩემი სიხისტის გასამართლებლად გამომადგეს ის მოსაზრება, რომ არსებობს მსოფლიო სიბრძნე იმის თაობაზე, რომ "ჭკვიანნი სხვის შეცდომებზე სწავლობენ, ბრიყვები - საკუთარზე!"

 

არაერთგზის მითქვამს: როცა მთავარ პროკურატურაში არსებობს საზოგადოებასთან ურთიერობის სტრუქტურული დანაყოფი, დაკომპლექტებული მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკებით, რომელთა ერთობ "კომპეტენტური მოღვაწეობის" სამწუხარო შედეგია არა მარტო პარლამენტის წინ გამართული მრავალრიცხოვანი მიტინგი, არამედ მეტისმეტად უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჩამოყალიბებულია, თუნდაც, "ციანიდის", "ფარულ კადრების" და სხვა რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციების მოსახლეობისთვის მიწოდების მამალ პრიმიტივიზმთან, სწორედ ამ სტრუქტურის მუშაობის შედეგიანობის ზუსტი შეუფასებლობაა ის ერთერთი "საკუთარი შეცდომა", რომელზედაც სწავლებას ჰქვია "სიბრიყვე"!!!

 

ეს ისე, უბრალოდ!

 

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოვუწოდოთ მედიას და საზოგადოებას, არ შევანელოთ პროკურატურისადმი საზოგადოებრივი კონტროლი, ვისწავლოთ (ამჯერად!) გერმანელი ავტომოყვარულებისგან ხელიხელჩაჭიდებული ე რ თ ო ბ ი ს დემონსტრაცია და ერთი ამოსუნთქვით შევძახოთ ჩვენს "მშობლიურ" კეზერა-ბოტასა-ფარცხალაძე-შოთაძისეულ პროკურატურას:

 

ტაში-ტუში, კუკური!!!!

 

 

(პუბლიკაცია გამოქვეყნდა 26 მაისს)

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner