„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების შესახებ შესატანი ცვლილება პარლამენტის მხრიდან განზრახ ჭიანურდება. ამის შესახებ ბრეგაძემ „რეპორტიორს" განუცხადა და აქვე დასძინა, რომ „ფრაქცია, რომელიც ჩააგდებს ე.წ. ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის ინციატივას, უმრავლესობიდან უნდა გაირიცხოს".
„საკითხი დგას მთელი სერიოზულობით. მას შემდეგ, რაც პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადავდექი, პირადად მე მომცეს სრული გარანტია იმისა, რომ თუ პროცესების რადიკალიზაციას არ მოვახდენდი (ვაპირებდით ხელმოწერების შეგროვებას, მასობრივ შიმშილობას და რეფერენდუმს), მაშინ პარლამენტში შეგროვდებოდა 113 ხმა და ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი საკონსტიტუციო ცვლილება მიღებული იქნებოდა. ჩვენთვის მთავარი იყო შედეგი და არა ის, თუ ვინ ჩაიწერდა ქულებს ჩვენი ინციატივის მიღებით, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ დაე, ჩაიწერონ ქულები, ოღონდ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს.
დღეს ჩანს, რომ 113 ხმა არ გროვდება, ხოლო პროცესი ხელოვნურად დროში იწელება, რათა ამ მოწვევის პარლამენტმა ვერ მოასწროს საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. თავის მართლება, რომ მე მივეცი ხმა და სხვებმა მხარი არ დაუჭირესო, თვალებში ნაცრის შეყრა და ტყუილია, ამას ვერავის ვაპატიებთ.
ამიტომ, ვაყენებთ ასეთ მოთხოვნას - თუ საპარლამენტო უმრავლესობა გულწრფელია და მას სისხლხორცეულად სურს საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, მაშინ ის ფრაქცია, რომელიც ჩააგდებს ე.წ. ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის ინციატივას, გარიცხულ უნდა იქნას უმრავლესობიდან. გადაყენებულ უნდა იქნას რესპუბლიკური პარტიის წევრი პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი, კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარეები, ხოლო მთავრობიდან გამოყვანილი უნდა იყოს სამივე რესპუბლიკელი მინისტრი. თუ პარტია შეგნებულად აგდებს და ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის და მთავრობის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, მაშინ ასეთი პარტიის წევრები სასწრაფო წესით უნდა გადააყენონ თანამდებობებიდან და გარიცხონ უმრავლესობიდან. მაგრამ, თუ პარლამენტის თავმჯდომარედ და მინისტრებად დატოვებთ იმ ხალხს, რომლებიც ფაქტობრივად მხარს უჭერენ ე.წ. ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას, მაშინ ნათელია, რომ ამ საკონსტიტუციო შესწორების ჩაგდება თავიდანვე ჩაფიქრებული სცენარი იყო, რომელშიც კეთილ მილიციონერად უმრავლესობა მოგვევლინა, ხოლო ბოროტ მილიციონერად - რესპები, სინამდვილეში კი მიზანი კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობის ჩაწერის ჩაგდება გახლდათ. ამ ყოველივეს, რბილად რომ ვთქვათ, ფარისევლობა ეწოდება, რაც არავის ეპატიება. ამიტომ, მოგიწოდებთ, დაუყენოთ ულტიმატუმი რესპუბლიკელებს - ან შესწორება, ან თანამდებობები! მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში ისინი თანამდებობებს აირჩევენ!" - წერს ბრეგაძე.