NATO-სთვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთი დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქებში ახალ დივიზიებს ჩამოაყალიბებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. შოიგუს ინფორმაცით, დასავლეთის სამხედრო ოლქში ორი, სამხრეთის სამხედრო ოლქში კი ერთი დივიზია განლაგდება.
სამხრეთის სამხედრო ოლქი - რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიას. აღნიშნულ ოლქს ექვემდებარებიან სამხედრო ბაზები სომხეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ოლქის დაქვემდებარებაშია შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია.
„თავდაცვის სამინისტრო მიმართავს რიგ ზომას, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს NATO-ს ძალების გაზრდისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. წლის ბოლომდე დასავლეთის სამხედრო ოლქში ორი დივიზია, სამხრეთის სამხედრო ოლქში კი ერთი დივიზია ჩამოყალიბდება", - განაცხადა შოიგუმ უწყებაში გამართულ თათბირზე.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს დივიზიების დისლოკაციის ადგილების კეთილმოწყობა.
სააგენტო „ТАСС"-ის ცნობით, თითოეული დივიზიის შემადგენლობაში დაახლოებით 10 000 სამხედრო იქნება.