logo_geo
eng_logo
სასტუმრო „ამბასადორი-თბილისში“ სპექტაკლის „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“ პრემიერა გაიმართება!
- +

1 ივნისი. 2018. 11:47

 

სასტუმრო „ამბასადორი-თბილისში“ სპექტაკლის „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“ პრემიერა გაიმართება.

 

სპექტაკლები 4, 5 და 6 ივნისს, 21:00 საათზე გაიმართება.

 

პროექტი მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის „ITI GEORGIAN CENTER“ ერთობლივი ნამუშევარია და ის ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენს.

 

რეჟისორი ზურაბ გეწაძე ამჟამად თეატრის შენობიდან გადის და სპექტაკლის სათამაშოდ ახალ სივრცეს ირჩევს. სასტუმრო „ამბასადორი-თბილისის“ ოთახი N2208 ერთი საათით თეატრალურ სცენად იქცევა, სადაც მსახიობებსა და მაყურებელს შორის ზღვარი თითქმის აღარ არსებობს და ყველა ოთახში გათამაშებული ამბის მონაწილე ხდება.

 

დგება დრო, როდესაც ყოველდღიურობასთან გასამკლავებლად ერთადერთი გამოსავალი საკუთარ თავთან გაუცხოებაა. ერთფეროვნება დამანგრეველია, როგორც სულისთვის, ასევე ხორცისთვის. სასტუმროს ოთახში ორი ადამიანი ერთმანეთის გაცნობას ცდილობს. პიესის მთავარი პერსონაჟები - ნინო და გია ცდილობენ გაიხსენონ როდის გაიცნეს ერთმანეთი და არ უნდათ აღიარონ, რომ ერთმანეთის სახელები არ იციან, რომ დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან, ისინი ამ გზით სიყვარულის გადარჩენას ცდილობენ. ორ ადამიანს მონოტონური ყოფიდან გაქცევა უნდა. მათ ხელახლა უნდა იპოვონ საკუთარ თავში სიყვარულისა და ერთგულების ძალა.

 

სპექტაკლის ხანგრძლივობაა 55 წუთი.

 

პროექტი ხორციელდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის თეატრალური პროგრამის ფარგლებში.

 

სპექტაკლის მხარდამჭერია სასტუმრო „ამბასადორი-თბილისი“.

 

შემოქმედებით ჯგუფი:

პიესის ავტორი - ბასა ჯანიკაშვილი

დამდგმელი რეჟისორი - ზურაბ გეწაძე

მხატვარი - შოთა გლურჯიძე

მუსიკის ავტორი - ერეკლე გეწაძე

ვიდეო - გიორგი ხოსიტაშვილი

ტექნიკური რეჟისორი - ელენე მონასელიძე

მონაწილეობენ:

ნინო ბურდული, გოგა პიპინაშვილი

 

მის: შავთელის ქუჩა # 17, სასტუმრო „ამბასადორი-თბილისი“ ოთახი N2208.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner