ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
სულ რატომ აგვიანებთ?!
გაინძერით, ოღონდ... ჭკუით!!!
***
კარგი, ვიცით, რომ ნაცები აქტიურობენ, ნათელია ისიც, რომ მათ ქუჩა ჩაიგდეს ხელში. ეს რეალობაა და ყველა ვხედავთ ამას. მაგრამ, თქვენ, ყოფილო „ქუჩის პარტიავ“, სად ხართ? „ოცნებისტებო“, თქვენ რატომ არ ჩანხართ? სად არიან თქვენი დეპუტატები? სად არიან „ქოცების“ ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნები, წლის განმავლობაში 250-ჯერ პრემია-დანამატს რომ იღებენ და კვლავაც გინდათ აიღოთ?
ეგებ, მე ვერ დავლანდე და, უკაცრავად, მაინც ვიკითხავ: რომელ მიტინგზე გამოვიდა მდინარაძე და თქვა თავისი მგზნებარე სიტყვა? ან თალაკვაძე? ან ზარდიაშვილი? ჩვენი გუგული რატომ არ ჩანს, ჩვენი ბრძენი პროფესორი და ერზე მზრუნველი „დიეტოლოგი“? ან... კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო?
დღესაც ვერ აკეთებთ დასკვნებს: ერთი გაბედული კაცის გარდა ყველა ეკრანს ხართ ამოფარებული ან კაბინეტების კედლებს... თქვენ ვისთვისაც ეკრანიდან ქადაგებთ, ისინი ამ დროს მიტინგობენ და თქვენ, ანუ ხელისუფლებას „მოკითხვას“ გითვლიან...
გეყოფათ მორალის კითხვა და ისევ „ვიღაცეებზე“ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზების გადაბრალება...
გადით ქუჩაში, მოედნებზე, ბაზრობებზე, მიდით აუდიტორიებში, გულწრფელად, თვითკრიტიკულად დაელაპარაკეთ ხალხს, სტუდენტობას, პედაგოგებს და აუხსენით ვითარება, ჩაახედეთ კულისებში, დაანახეთ ქვედინებები, პროვოკატორთა სახეები, მათი წარსული...
ბათუმის მოვლენებმა ვერაფერი მიგანიშნათ და რაიმე ღირებული გაკვეთილი არ მოგცათ? ვერ თუ არ შეამჩნიეთ მაშინ ის, თუ რა ოსტატურად გამოიყენეს საბაბად ერთი, რიგითი ინციდენტი და აგიგორეს „სკანდალი“, რომელიც ქალაქის დარბევად გადაიქცა. სულ პაწია ეჭვი არ გაგიჩნდათ, ისე სწრაფად საიდან გაჩნდა დარბევისთვის მზადყოფნის ინსტრუმენტები, ბრიგადები, უკვე დაბეჭდილი პლაკატები, პროვოკატორები?!..
ახლა, თბილისში იგივე სცენარი არ ამუშავდა? რამ „დაგაბრმავათ“ და „დაგაყრუათ“ ასე მძლავრად?
რას და ვის ელოდებით? ისევ ვიღაცის იმედზე ხართ და ჯადოსნური ჯოხის აქნევას ელით?
აგვიანებთ!!!
სად არის თქვენი „კრიზისების მართვის“ სამსახური? სად, ვის ხელშია ოპერატიული ინფორმაცია, ვინ აანალიზებს, ვინ სწავლობს საზოგადოებრივ აზრს, ვინ იძლევა რეკომენდაციებს - ნუთუ, ისევ ჭიკაიძე და მისნაირი „ოპერატივნიკები“?
არ იცოდით თუ ვერ ხვდებოდით, რომ პრემიერს ყვავილებით არ შეხვდებოდა ეგზალტირებული მასა?
რა, შემთხვევითმა „დემონსტრანტმა“ სტყორცნა ბოთლი პრემიერს?
სად ჩანს პროფესიონალიზმი ყველა მხრიდან? ნუთუ აქამდე ვერ შეიგნეთ, რომ სახელმწიფოს საქვეყნო საქმის პროფესიონალები აშენებენ და არა მავანის მიერ სახრავად გადაგდებულ „ძვალზე“ დახარბებული არაკაცები.
დაუძახეთ და მხარში ამოიყენეთ უამრავი ადამიანი, ვისაც გულწრფელად სტკივა ქვეყანა, ვისაც თქვენ ვერ ან არ ამჩნევთ, ნუ ხართ იმ ნარცისების იმედზე, ვისთვისაც „პურის ცხობა“ და პოლიტიკა, საგარეო იქნება თუ საშინაო, ერთი პროცესი ჰგონია.
სხვათაშორის, ასე ეგონა ირაკლი შოთაძესაც, რომელმაც კეზერას საფინანსო პოლიციის პრაქტიკით უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე მოინდომა კეკლუცობა. მაინც სად პოულობთ ასეთ ბრიყვებს? ის, რაც ამ წლების მანძილზე ვერ მოახერხა ვერც სააკაშვილმა და ვერც სხვა ოპოზიციურმა ძალამ, შეძლო ერთი საშუალო ტანისა და კიდევ უფრო საშუალო ინტელექტის მქონე უმწიფარმა ყმაწვილმა: ააგორა უკმაყოფილების ისეთი ტალღა, რომელმაც ის კი ჩარეცხა თავად, მაგრამ ცდილობს, თან ჩაიყოლოს მთელი „ქართული ოცნება“.
დროზე!
შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია. არც ხელისუფლებით ტკბობაა უსასრულო. ჰოდა, სანამ პანღურს არ ამოგცხებენ, უკაცრავად, უკანალში, მანამდე არ გაინძრევით?
გაინძერით!!!
და იფიქრეთ ქვეყანაზე, იფიქრეთ ხალხზე, იფიქრეთ მომავალ თაობაზე, რომელსაც სურს, იცხოვროს რეალურ თავისუფლებაში, რეალურ დემოკრატიაში, იმ სახელმწიფოში, რომლის აშენებასაც ჰპირდებოდით 2012 წელს.
გაინძერით!!!
მაგრამ, განძრევასაც ცოდნა უნდა, ჭკუა, ნება-სურვილი, გაბედულება და... მორალური უფლება!
რომელი ერთი გაქვთ აქ ჩამოთვლილთაგან, ახლა გამოჩნდება!!!
მე იმედით ვისურვებდი, რომ ყოველივე ეს ერთ შეკრულ „კონად“ გქონოდეთ, რომელიც ... შაურზე მეტი ეღირება!!!