ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გიორგი ზერეკიძე რომ დაიჭირეს, 14 წლის იყო. მთელმა სისტემამ გადაუარა, პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან კრიმინალი ეძახა, ყაჩაღობა და ხულიგნობის ბრალდება, თვალსა და ხელს შორის გაიფანტა. ყველა სასამართლო სხდომას ვესწრებოდი, ელვის სისწრაფით გამოუტანა 10-წლიანი განაჩენი გიორგის, მერე მისმა მამამ მამუკა ზერეკიძემ საქმე სტრასბურგში წაიღო, სტრასბურგიდან რომ ბრუნდებოდა, ჯიბეში რატომღაც სუბოტექსი აღმოაჩნდა. ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩაუდეს, ჩვენი ვარაუდი მაშინ გამართლდა როცა, შვილის და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი კაცი, რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მერე თქვეს, რომ დენმა დაარტყა, რაც დღესაც აბსურდად მეჩვენება. რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი? - სააპელაციო სასამართლოში განაჩენის მერე, გიორგის დედას, ქალბატონ ლიკას გული წაუვიდა, მის უკან აღმოვჩნდი და წაქცევის მომენტში, მოვახერხე, დამეჭირა, თუმცა მუხლი მაინც ჩამეკეცა, მოგვდგა მანდატური და რამდენიმე პოლიციელი და ეგრე წაქცეულებს სასამართლოდან გათრევა დაგვიწყო. თან ვხედავდი, გულწასულ ქალს ურტყამდნენ - სიმწრისგან არ ვიცოდი, რა მექნა, მხოლოდ დიქტოფონი მქონდა ჩართული. მაშინ მივხვდი პირველად, როგორ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანი სისტემამ გასრისოს!“ - წერს მანაგაძე.