„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სულ უფრო და უფრო საშიში ხდება მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოებისთვის.
თავდაპირველად საქართველოსთვის პანკისის ხეობის დაკარგვა დააანონსა, შემდეგ ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეების და მათი ოჯახების მიმართ მუქარა განახორციელა. რამდენიმე კვირის შემდეგ, „რუსთავი 2“-ზე ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაც არ გამორიცხა. გუშინ მიტინგზე გამოსვლისას კი ბრძანა „მე და ჩემს ასეულობით მეგობარს გადაწყვეტილი გვქონდა, მივსულიყავით სუს-ში და თავები აგვეფეთქებინა, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ქართველი სიყვარულის გამოო!“
გასაგებია, რომ ძალზედ რთულ მდგომარეობაში იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის გარდაცვალების გამო, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი და ტერაქტების მზადების აღიარება ეს უკვე ხუმრობაა აღარაა. პირიქით ეს საშიში განცხადებაა, რადგან მაჩალიკაშვილმა ბრძანა ასეულობით ადამიანს გვქონდა ტერაქტის მოწყობა გადაწყვეტილიო, ამ განცხადებით მან შექმნა საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ვაი და ხვალ გადაიფიქროს მან და მისმა მეგობრებმა და მართლა ჩაიდინონ ტერაქტი. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტის მზადება უდიდესი დანაშაულია და სახელმწიფო უწყებებმა სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ მაჩალიკაშვილის ამ განცხადებას, რადგან ქვეყანა დაცული იყო ნებისმიერი აგრესიისგან...“ - წერს მჟავანაძე.