პანკისის ხეობაში მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მართალკაცობაში სამჯერ შემეპარა ეჭვი და სამჯერვე დავრწმუნდი, რომ ეს კაცი რაღაც ისეთს ჩაიდენს, რაც მთელ საქართველოს დააზარალებს. პირველი იყო ის, რომ საქვეყნოდ განაცხადა, საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავსო; მეორე - გამოვიდა და დაიწყო, თავი დამანებეთ, მე საქართველოში დანაშაული არ ჩამიდენიაო; მესამე და ყველაზე მთავარი - ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ნებაყოფლობით დაიტრაბახა, მე და ჩემ მეგობრებს ფიცი გვქონდა დადებული, სუს-ის შენობაში უნდა შევსულიყავით და თავები აგვეფეთქებინა, მაგრამ საქართველოს სიყვარულის გამო გადავიფიქრეო.
საქართველო პანკისის ხეობას ვერ დაკარგავს, ვინც ამას გულშიც კი გაივლებს, ის იქნება მოღალატე და აუცილებლად დაისჯება!
ესე იგი, თუ საქართველოში დანაშაული არ ჩაგიდენია, სხვაგან ჩაგიდენია, მაგრამ საქართველოში ხმა არავინ არ უნდა ამოიღოს, ხომ? ყოჩაღ, რკინისებური ლოგიკაა!
რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის უნებლიე აღიარებას (მე ის უფრო ჭკვიანი მეგონა), ეს უკვე სათანადო ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს, დაუყოვნებლივ არის გამოძიების დაწყება საჭირო. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ: გამოდის, საქართველოში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც პერიოდულად ფიქრობს თავის აფეთქებას რომელიმე ობიექტზე, ამჯერად დაასახელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობს. სიმართლე გითხრათ, თუ აქამდე კიდევ მქონდა იოტისოდენი ეჭვი მის შვილთან დაკავშირებით, ახლა ეს ეჭვიც გამიქრა და დავრწმუნდი, რომ სახელმწიფომ მიიღო სრულიად ადეკვატური ზომები. მე არავისი სიკვდილი არ მიხარია, მაგრამ არც ის მინდა, წერას ატანილმა ავანტიურისტებმა რამე უბედურება დამართონ საქართველოს, რომელიც ასე ძალიან უყვართ. დიახ, უყვართ... თუმცა პერიოდულად მის აფეთქებაზეც ფიქრობენ. აი, როცა გადაიფიქრებენ, მერე გამოდიან და გვამადლიან: იცით, თქვენი აფეთქება გვინდოდა, მაგრამ ისე გვიყვარხართ, აღარ აგაფეთქეთო. აუჰ, ახლა ამ მაჩალიკაშვილს კიდევ რომ წამოუაროს, სად გავიქცეთ, რომელ ხეს უნდა შევაფაროთ თავი? არა, ჩვენ არსად არ უნდა გავიქცეთ, ის უნდა დააკავონ და კარგად გამოიძიონ, რას გეგმავდა, ვის აფეთქებდა და სად აფეთქებდა!
ისე, რაღა დაგიმალოთ და... როცა მამას ტერორისტობაზე აქვს პრეტენზია, მისი შვილი „დოხტური“ გამოვა თუ ტერორისტი? პასუხი ყველას გაქვთ!
სხვათა შორის, ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ საქართველოში მოხდეს - ტიპი საკუთარი პირით ამტკიცებს, ცოტა ხნის წინ ტერაქტს ვგეგმავდიო და იმის მაგივრად, რომ შესაბამის უწყებაში დაკითხვაზე ბრძანდებოდეს, ისევ ტელევიზიიდან ტელევიზიაში დასეირნობს და ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ. კი, მაგრამ სად არიან უფლებადამცველები, სახალხო დამცველი, არასამთავრობოები და ის ადამიანები, რომლებმაც წესით ერთი ამბავი უნდა ატეხონ?!
მოკლედ, ამ კაცმა პირდაპირ გვითხრა, თქვენთვის ტერაქტი უნდა მომეწყო, თუმცა ამ ეტაპზე გადავიფიქრეო... ამ დროს კი ისევ მის ბლა-ბლა-ბლას ვისმენთ ტელევიზიით ძმობაზე, ერთობაზე, სოლიდარობასა და სამართლიანობაზე!
უკაცრავად, მაგრამ მე და ჩემი თანამოქალაქეებიც ვითხოვთ დაცვას ტერორისტებისგან, ხვალ ვის რა აზრი მოუვა ცხელ თავში და რა შარს გადაგვყრის, არ ვიცით!
ავტორი გელა ზედელაშვილი