ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში, „ალიანს არენაზე" მიუნხენის „ბაიერნმა" მადრიდის „ატლეტიკო" 2:1 დაამარცხა, თუმცა ეს ანგარიში საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ გერმანელები ფინალში გვეხილა. დაპირისპირების დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ევროპის Top-3 კლუბიდან 2-ის დამარცხება უკვე შეძლო.
„დღეს ყველაზე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მათ შორის, ვინც კარიერის მანძილზე შეგვხვედრია. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. შემიყვარდა ის ყოველივე, რასაც მინდორზე ვუყურებდი, რადგან ჩემი გუნდიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. წნეხს გავუძელით და გოლი გავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იყო. წარმოუდგენელი შევძელით - ევროპის სამი წამყვანი კლუბიდან ორი უკვე დავამარცხეთ.
„ატლეტიკო" შემთხვევით არ თამაშობს კარგად - ჩვენ ვვითარდებით, როგორც გუნდი. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რაც კლუბის დამსახურებაა. ფეხბურთელები გუნდის სათამაშო სტილს ეჩვევიან. ჩვენი თამაშის მანერა მოგვწონს. ახლა ფინალში ვართ და მისი მოგება გვსურს", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
დიეგო სიმეონეს შეგირდები ფინალში მადრიდის „რეალსა" და „მანჩესტერ სიტის" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან, რომლის ვინაობაც დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გასამართ მატჩში გაირკვევა.