„შვილი, მკვდარიც და ცოცხალიც ღირსეულად უნდა დაიცვა! ქედს ვიხრი ლევანის დედის წინაშე!“ - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია და ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედის, ნათია საყვარელიძის განცხადებას ავრცელებს:
„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის. მე შევძელი ის, რომ გაჩუმებული ვარ, სხვები ნუ გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით კომენტარს. როცა ოჯახი კომენტარს არ აკეთებს, ყველას ვთხოვ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს. რადგან კომენტარს არ ვაკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ არ გვაქვს დადებითი, ან უარყოფითი შეხედულება. ლევანი ხორავას კონფლიქტში მსხვერპლია, რომელსაც ამ კონფლიქტთან არაფერი შეხება ჰქონია. კომენტარებიდან გამომდინარე, ხორავას ტრაგედია პოლიტიკური შოუს სახეს იღებს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის.
კუპრავას, სუბელიანის, კაკუბავას ჩართვა, მათი კომენტარები ჩემთვის მიუღებელია. ეს იყო ისეთი ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება, პოლიტიკაში გადაზარდო. ახლა მთავარია ბავშვები დავიცვათ, რომ ეს ტრაგედია აღარ გაგრძელდეს.
ჩემთვის მთავარი იყო იმის დადგენა, განსასჯელ სკამზე მსხდომნი არიან თუ არა ნამდვილად დამნაშავენი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ დონის ტრაგედიაა და იმ დონის სადიზიმია ჩადენილი, საშინელებაა ვინმე სხვას დააბრალო. ეს ჩემთვის დიდი ცოდვა იქნება. პროცესი დამთავრებული არ არის და რაც მომისმენია, იქიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი დამნაშავენი არიან. არიან სხვებიც? - არ მაქვს პრეტენზია ისინიც დასაჯონ. იქ საშინელებაა მომხდარი და მათ შორის, როცა სრულიად უდანაშაულო მსხვერპლია, ეს კიდევ მეტად მძიმეა ჩემთვის“.