ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის „რეალი" „სანტიაგო ბერნაბეუზე", თბილისის დროით 22:45 საათზე, „მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ინგლისში ფრედ - 0:0 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა „ქალაქელების" თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ „სიტი" მეორე ნომრად თამაშს არ დასჯერდება.
„ჩვენი მიზანი ფინალში მოხვედრაა. იქ, სადაც „სიტი" არასდროს ყოფილა. გუნდი თავის ძალებში დარწმუნებულია და მისი დემონსტრირება სურს. „სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება მუდამ სასიამოვნოა. ამ სტადიონთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. წნეხი აქ ყოველთვის ძალიან დიდია, მაგრამ მისი დაძლევა უნდა მოვახერხოთ.
გუნდს ისტორიაში შესვლის საშუალება აქვს, მაგრამ ამისთვის ხარისხიანად თამაშია საჭირო. მანჩესტერში პრესინგს ხშირად მივმართავდით და ბურთის ართმევაზე ვთამაშობდით, მაგრამ მაშინ ჩვენი დღე არ ყოფილა. განმეორებით შეხვედრაში „სიტი" პირველივე წუთებიდან ეცდება ბურთის დაუფლებასა და გაკონტროლებას. დიდი თამაშების ბედს დიდი ფეხბურთელები წყვეტენ, მაგრამ შეტევასთან ერთად, თავდაცვა არა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსგან, არამედ მთლიანად „რეალისგან" მოგვიწევს", - განაცხადა პელეგრინიმ.
მადრიდის „რეალსა" და „მანჩესტერ სიტის" შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მაისს, მილანის სტადიონ „სან სიროზე", თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.