შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მოხდა.
წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, დღეს ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგა.
„კომპანიამ შეღავათების მნიშვნელოვანი პაკეტი შეიმუშავა, რაც დასაქმებულთა მატერიალური მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნული წინადადება ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას გააცნო და ამჟამად მხარეები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ. მოლაპარაკების პროცესში, ამ დრომდე, აქტიურად არის ჩართული შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი მედიატორი“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.