„ტურიზმი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აგენერირებს ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენცია „Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზებით მოეწყო.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „თუ შარშან ექსპორტ-რეექსპორტმა 2 მილიარდ 760 მილიონი დოლარი დააგენერირა ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმმა - 2 მილიარდ 750 მილიონი დოლარი მოიზიდა, როგორც სერვისების ექსპორტმა“.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ახალი გადათვლილი მეთოდოლოგიით, 2017 წელს 7,9 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს.
„წელს ჩვენ ასევე რეკორდულ მაჩვენებლებს ველოდებით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი და მედია.