ავტორი სოფო ხუგოიანი
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „რეპორტიორთან" საუბრისას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენების საკითხზე საუბრობს. ხაჭაპურიძეს მიაჩნია, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და ახვლედიანი მოსამართლედაც არ უნდა დაეტოვებინათ.
„ახვლედიანმა სპეციალიზაცია ისე თუ გააკეთა, რომ იუსტიციის საბჭოსთან არ იყო შეთანხმებული, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა. მაგრამ თუ მისი ქმედება შეთანხმებული იყო, მაშინ უნდა მოესმინათ მისი პოზიცია და მერე მიეღოთ გადაწყვეტილება. საბჭოს სხვა წევრებზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნინო გვენეტაძე არანაირად არ მიიღებდა უკანონო გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, თვითონაც ყოფილა საბჭოს მხრიდან განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი.
ის, რომ მამუკა ახვლედიანის გადაყენების გადაწყვეტილება სწორი იყო, ეჭვი არ მეპარება. ბოლო პერიოდში ახვლედიანის აქტიურობა სერიოზულ ეჭვს იწვევდა და აშკარად იკვეთებოდა, რომ ეს ადამიანი იმართებოდა გარკვეული ძალების მხრიდან. ნინო გვენეტაძის დანიშვნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ახვლედიანმა გააკეთა განცხადება, რომ ის უნდა გადადგესო. გვენეტაძე არ მოსწონდა და მისი წინააღმდეგი იყო „ნაციონალური მოძრაობა". ვერ ვიტყვი, ახვლედიანის უკან „ნაციონალური მოძრაობა" იდგა, თუ სხვა ვინმე, მაგრამ ფაქტია, რომ ახვლედიანის მხრიდან გვენეტაძის გადადგომის მოთხოვნას გარკვეული მიზნები ჰქონდა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს პირადი ინტერესი ყოფილიყო, რომელიც დაემთხვა გარკვეული ძალების ინტერესებს.
სად იყო ახვლედიანი, როცა გირგვლიანის საქმეზე გამოიტანეს გადაწყვეტილება, რატომ არ ამოიღო ხმა?! როცა ის წამყვანი ფიგურა იყო, სასამართლოსთვის მიმართვასაც კი არ ჰქონდა აზრი. დღეს, როცა ნინო გვენეტაძეა სასამართლოში, დაიწყო დემოკრატიზაციის პროცესი, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი და ეს ხალხმაც იგრძნო.
ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ახვლედიანს მიუჩინეს ის ადგილი, რაც ეკუთვნის. ჩემი აზრით, მოსამართლედაც არ უნდა დაეტოვებინათ. ვფიქრობ, რომ ის არაკანონიერად მოქმედებდა და თუ გასაჩივრების სურვილი აქვს, ეს მისი უფლებაა.
არასამთავროებმა უნდა იმუშაონ იმაზე, რომ შეიქმნას ერთიანი კომისია, რეფორმატორთა ჯგუფი, სადაც ადვოკატებიც იქნებიან წარმოდგენილნი და იზრუნებენ მთლიანად სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.