logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: მალხაზ მაჩალიკაშვილს ერთ რამეს მამაშვილურად ვკითხავდი...
- +

5 ივნისი. 2018. 14:30

 

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განაცხადა, რომ მას და მის მეგობრებს თბილისში, სუს-ის შენობაში ტერორისტული აქტის განხორციელება ჰქონდათ დაგეგმილი. აღნიშნულ განცხადებას გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში ეხმიანება. 

 

„მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილმკვდარი მამაა, უდიდეს ადამიანურ ტრაგედიას ატარებს და მის ტრაგედიას გულწრფელად ვიზიარებთ, მაგრამ არავის აქვს უფლება, საკუთარი სამართალი სხვა ადამიანების გაუბედურების ხარჯზე, მითუმეტეს, ტერორისტული აქტისა და უდანაშაულო მოქალაქეების დახოცვის გზით ეძიოს.

 

ირინა ენუქიძე შვილმკვდარი დედა იყო და მის ტკივილს სამყაროც ვეღარ იტევდა, მაგრამ უსამართლობით გატანჯულ სანდრო გირგვლიანის მშობელს არასდროს დასცდენია - ტერორისტული აქტი უნდა მოვაწყო და ადამიანები უნდა ავაფეთქოო!

 

იური ვაზაგაშვილსაც შვილი მოუკლეს, სამართლიანობის აღსადგენად ლომივით იბრძოდა და მხოლოდ იმისთვის ცხოვრობდა, რომ თავისი 22 წლის ვაჟის მკვლელების საბრალდებო სკამზე დასმისთვის მიეღწია, მაგრამ ტერორისტობა და სხვის სისხლში ხელების გასვრა აზრადაც არ მოსვლია!

 

ზაზა სარალიძეც შვილმკვდარი მამაა და იმაზეც კი წავიდა, რომ სხვისი შვილების მკვლელი „ნაცების“ მხარდამხარ ეძებოს სამართალი, თუმცა, არც იგი ამბობს - შაჰიდის ქამარი უნდა შემოვირტყა და რომელიმე სახელმწიფო დაწესებულება ჰაერში უნდა ავწიოო!

 

თუ მალხაზ მაჩალიკაშვილი თვლის, რომ მისი შვილი უსამართლოდ მოკლეს, მაშინ სამართლიანობისთვის ისე უნდა იბრძოლოს, როგორც ირინა ენუქიძე და იური ვაზაგაშვილი იბრძოდნენ, ან თუნდაც ისე, როგორც ახლა ზაზა სარალიძე იბრძვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - შაჰიდური და ტერორისტული მეთოდებით!

 

ისე, მალხაზ მაჩალიკაშვილს ერთ რამეს მამაშვილურად ვკითხავდი - როცა ხმამაღლა აცხადებთ, რომ თბილისის შუაგულში ტერაქტის მოწყობა გქონდათ დაგეგმილი, ამით საზოგადოებას ხომ არ აფიქრებინებთ, რომ თქვენს შვილსაც მსგავსი აზრები უტრიალებდა თავში და მართლა ტერორისტულ დაჯგუფებასთან ჰქონდა კავშირი?

 

დიახ, ძალიან გთხოვთ და მოყვასის პოზიციიდან გირჩევთ, ამაზე დაფიქრდეთ!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner