ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ეროვნული აკადემიის შესახებ კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს. ეს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
აკადემიკოსების მონაწილეობით შეხვედრა 3 საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა და კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე საკუთარი შეხედულებები 23-მა მომხსენებელმა წარმოადგინა.
სხდომის ბოლოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, გიორგი კვესიტაძემ განაცხადა, რომ აკადემიაში შეიქმნება სპეციალური კომისია. შეხვედრის ბოლოს დასახელდა თუ ვინ იქნებიან ამ კომისიის წევრები. ისინი არიან ირაკლი ჟორდანია, ლადო პაპავა, გია ჯაფარიძე, გუჩა კვარაცხელია, გივი ჯაფარიძე და ავთანდილ კორახაშვილი.
გიორგი კვესიტაძის თქმით, აკადემიაში აკადემიკოსები კიდევ ერთხელ ერთი კვირის შემდეგ შეიკრიბებიან და კანონში განსახორციელებელ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კომისია მათ შემუშავებულ დასკვნას გააცნობს.