logo_geo
eng_logo
შაკო კუჭაშვილი: ელისო კილაძის შვილი მემუქრება, რომ სადაც მნახავს, დაუნდობლად გამისწორდება!
- +

6 ივნისი. 2018. 12:33

 

 

ელისო კილაძის ვაჟი, დავით ხარშილაძე აშანტაჟებს, შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება არასრულწლოვანს, რომელსაც პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი მიტინგი მიჰყავდა. მიზეზი? ბავშვმა გააცნობიერა, რომ აქცია „ნაცებისგან“ იყო მართული და მათ გაემიჯნა! – „თავს დაცულად ვერ ვგრძნობ. ნებისმიერ მომენტში თავდასხმას და ანგარიშსწორებას მოველი, მაგრამ ბრძოლას მაინც ვაგრძელებ!“ - ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის 208-ე სკოლის მოსწავლემ, მოძრაობის „ნუ მომკლავ“ - დამფუძნებელმა შაკო კუჭაშვილმა:

 

- გასული წლის 1 დეკემბრის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვანი ჩხუბში მოკლეს, გადავწყვიტე, თანამოაზრე თანატოლებთან ერთად მოძრაობა „ნუ მომკლავ“ დამეფუძნებინა. სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელები გავერთიანდით, რათა არასრულწლოვნებს შორის ქუჩური გარჩევების და ესოდენ მომრავლებული მსხვერპლის გამო ხმა აგვემაღლებინა და ხელისუფლებისთვის ქმედითი ზომების გასატარებლად მოგვეწოდებინა. ჩვენს მიერ გამართული რამდენიმე ხმაურიანი გამოსვლა ახლახან პარლამენტის წინ მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო აქციით დაგვირგვინდა, რომლის წამყვანი და ერთ-ერთი სახე თავად გახლდით. ამასობაში, აღმოვაჩინე, რომ ამ აქცია, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდების იდენტური სლოგანით - „ნუ მომკლავ“ - მიმდინარეობდა, ნელ-ნელა მავანი პოლიტიკური ჯგუფებისგან მართულად გადაიქცა, ხოლო როცა ზვიად კუპრავამ ამ აქციასთან შესაერთებლად პირდაპირ მოუწოდა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მივხვდი, რომ ნამდვილი გადატრიალება მზადდებოდა, ამიტომ, იქ ჩემი ადგილი აღარ იყო, ყველაფერი უკვე სულ სხვა მიმართულებით ვითარდებოდა და ამ აქციას სასწრაფოდ უნდა გავმიჯნოდი. იქ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ელექტორატი დარჩა!

 

- რა ფორმით გაემიჯნეთ აქციას?

 

- დავურეკე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს და შევატყობინე, რომ განცხადების გაკეთებას ვაპირებდი. ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ ამ მოვლენებს სხვა ელფერი მისცემოდა, ნაცებს და გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ადამიანის პირადი ტრაგედიის ხარჯზე ქულები ეწერათ. უკვე იმასაც ვხედავდი, რომ ჩვენი ორგანიზაციის ზოგიერთი თანადამფუძნებელი, მაგალითად, ტიტე გედენიძე და სხვები - „ნაციონალური მოძრაობის“ სახედ გადაიქცნენ, არადა, თავიდანვე დათქმული გვქონდა, რომ ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა აპოლიტიკური იქნებოდა. ამის მიუხედავად, ვიდრე ოფიციალურად გაცხადდებოდა, რომ აქციამ პოლიტიკური დატვირთვა მიიღო - მე ერთობა არ დამირღვევია. ვერსად წააწყდებით, რომ ოდესმე პოლიტიკური მოთხოვნა დამეყენებინოს ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გამეკეთებინოს, მხოლოდ იმ სისტემის შეცვლას ვითხოვდი, რომელიც დამნაშავეებს მფარველობს. როცა დავინახე, რომ დაღუპულ დათუნა სარალიძეს აღარავინ ახსენებდა და მთელი აქცენტი ხელისუფლების გადადგომისკენ კეთდებოდა, აქციისგან ჩემი გამიჯვნის შესახებ ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში გავაკეთე განცხადება და ვაკის პარკში სამოქალაქო პროტესტს შევუერთდი.

 

- ელისო კილაძეს როდიდან იცნობთ?

 

- ელისო კილაძესთან სალმის გარდა არანაირი კონტაქტი არ მქონია. ერთადერთხელ დაველაპარაკე, როცა განაცხადა - ჩვენს დასარბევად „ქართული მარში“ მოემართებაო. ვკითხე - დადასტურებული თუ არის ეს ინფორმაცია მეთქი? როცა პარლამენტთან მიმდინარე აქციას გავემიჯნე, ელისომ საკუთარ facebook-ზე საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გადაღებული ჩემი სურათი ატვირთა და „სუს-ის აგენტი ქოცბიჭუნა“ მიწოდა. ბატონი შალვა ჩემი უფროსი მეგობარია. გულის სნეულება მაწუხებს, რის სამკურნალოდაც ბატონმა შალვამ თავის დროზე დიდი დახმარება გამიწია. ვიმეორებ - სრულიად აპოლიტიკური ვარ, დიდი ხნის განმავლობაში აქციაზე „ნაცი“ ლიდერებიც დაიარებოდნენ, თუმცა მათ მიმართ სიტყვა ძვირად არავის წამოცდენია და რაღა ბატონ შალვასთან ჩემი სიახლოვე გაუკვირდათ? ელისო კილაძის საპასუხოდ ჩემს facebook-ზე პოსტი ავტვირთე, რომელშიც ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე ვწერდი, რომ შალვა ოგბაიძესთან ჩემს ურთიერთობას ელისო კილაძე ვერ განსაზღვრავდა. მეორე დღეს ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზეც განვაცხადე, რომ ჩემთან დაკავშირებით ელისო კილაძე დეზინფორმაციას ავრცელებდა. სწორედ ამას მოყვა ელისოს შვილის - დავით ხარშილაძის მიერ ჩემთვის მუქარის მესიჯების გამოგზავნა.

 

- ხარშილაძესთან რა ურთიერთობა გქონდათ მანამდე?

 

- ხარშილაძეც აქციაზე გავიცანი. მანამდე არც მასთან მქონია რაიმე შეხება. მე ხომ მიტინგი მიმყავდა და რამდენჯერმე სიტყვა მივეცი. ძალიან უხეში ფორმით შემახსენეს, რომ მამაჩემი და ბიძაჩემი ციხეში სხედან. მათ რა უფლება აქვთ, ადამიანები ახარისხონ? მე ისედაც განვიცდი, რომ მამა ჩემს გვერდით არ არის... ამის გამო სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასაც მივმართე, მაგრამ მისგან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. დავით ხარშილაძემ რამდენიმე ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა. ალბათ, ჩათვალა, რომ ნაწერი მესიჯისგან განსხვავებით, პრესაში ხმოვანი შეტყობინების გავრცელებას ვერ შევძლებდი. ისეთი ბილწი სიტყვებით მაგინებდა, ვერსად გავიმეორებ. თან მემუქრებოდა, რომ სადაც მნახავდა - არ დამინდობდა, რომ მისი მეგობრები მომძებნიდნენ და ანგარიშს გამისწორებდნენ, რომ ჩემი მეგობრებიც „ყურს ამიწევდნენ”. ჩემგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის აგენტს მიწოდებდა და მიყვიროდა, რომ მეც და გოგაშვილსაც ჩანაწერებს თავზე დაგვახევდა.

 

- შაკო, ხარშილაძეს რაიმე საფუძველი თუ ჰქონდა, როცა „სოსო გოგაშვილის აგენტი” გიწოდათ?

 

- სოსო გოგაშვილის ვინაობა ისევ და ისევ ელისო კილაძის facebook-ის გვერდიდან მახსოვს. მასთან არანაირი შეხება არ მქონია, არც ცხადში არსად შევხვედრივარ. ვიცი მხოლოდ ის, რომ ყველას, ვინც ეჯავრება, ელისო კილაძე „სოსო გოგაშვილის აგენტად“ იხსენიებს. შვილმაც, ეტყობა, დედას მიბაძა. ვიგრძენი, რომ დავით ხარშილაძის მუქარა ცარიელი სიტყვები არ იყო. გამიჩნდა საფრთხის განცდა და აღმოვჩნდი ფსიქოლოგიური ზემოქმედების, მუდმივი დაძაბულობის ქვეშ, როცა თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ ვახერხებ და ნებისმიერ მომენტში თავდასხმას ველოდები არა მხოლოდ ხარშილაძისგან და მისი მეგობრებისგან, არამედ ნაცაქტივისგანაც, რადგან მათგან ჩემმა ალალმა გამიჯვნამ, როგორც ჩანს, მათი მიზნების განხორციელება გარკვეულწილად შეაფერხა. ძალიან ბევრი მტერი გავიჩინე და ჩემი facebook-ის გვერდს თვალს თუ გადაავლებთ, დაინახავთ, რას მიწერენ და როგორ მემუქრებიან.

 

- ხელისუფლებამ არასრულწლოვანის მიმართ შანტაჟის, გინების და მუქარის ფაქტზე არაფერი იღონა?

 

- ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია, პრესიდან შევიტყვე, რომ დავით ხარშილაძე გამოკითხეს კიდეც, მაგრამ ვერ ვგრძნობ, რომ ჩემზე ანგარიშსწორების საფრთხემ გადაიარა.

 

- ამ გადასახედიდან, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ „ნაცებმა“ თქვენ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენეს?

 

- ჩემი მეგობრების სახელით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე ამ აქციაზე მართლა უანგაროდ და ალალად - მხოლოდ იმ მიზნით ვიდექი, რასაც ხმამაღლა ვლაპარაკობდი. არ ვიცი, ბავშვები როდიდან მოექცნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ, მაგრამ ჩემზე რომ გავლენა ვერ დაამყარეს, ამას აქციისგან ჩემი გამიჯვნა და მათი მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარებიც მოწმობს. აქამდე მხოლოდ მესმოდა, რომ „ნაცებმა“ ბევრი ადამიანი გააუბედურეს და ბევრი დანაშაული ჩაიდინეს... რაც ჩემს მიმართ ხდება, უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ ყველაფერი სიმართლეს შეეფერება. ფაქტია - ჯერ არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე ვარ, მაგრამ მეც არ მინდობენ! „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად კლავდა ადამიანებს - ვერასოდეს ქვეყანას თავისუფლებას ვერ მოუპოვებს და ვერც იმ მანკიერ სისტემას შეცვლის, რომელიც თავადვე შექმნეს! ისინი ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიასაც მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და დაღუპული ბავშვები საერთოდ არ ედარდებათ! მე ბატონ ზაზასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და ვხედავდი, რომ მის გარშემო მუდმივად, 4-5 ნაცი აქტივისტი ტრიალებდა, რომლებიც სხვებთან თავისუფლად დალაპარაკების საშუალებას არ აძლევდნენ. ბატონ ზაზას ძველებურად ვუცხადებ თანადგომას, მაგრამ მასთან კომუნიკაცია აღარ მაქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სუსხი ჩემს ოჯახსაც შეეხო. მამა და ბიძა თვალწინ დამიჭირეს, ოჯახი ამიწიოკეს და მახსოვს, მე და ჩემი ძმა როგორ ვტიროდით, როცა მამა წაიყვანეს...

 

- ციხეში მყოფ მამას ეკონტაქტები?

 

- მე სხვა ცხოვრების გზა ავირჩიე, მაგრამ მამა ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ ის ჩემით ამაყობს. ციხიდან მირეკავს და მეუბნება ხოლმე, რომ ძალიან მაგარი ვარ და სწორად ვიქცევი. მამა ჩემი დიდი ტკივილი და იმავ დროს - დიდი სიყვარულია. ელისო კილაძე და მისი შვილი ამას ვერასოდეს მიხვდებიან!

 

- შაკო, თქვენი მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

 

- მთელი სიცოცხლის გატარებას საქართველოში ვაპირებ. უცხოეთში შეიძლება, მხოლოდ განათლების მიღების მიზნით, მოკლე ვადით გავემგზავრო. მინდა, ჩემი მცირე წვლილი შევიტანო ჩემი სახელმწიფოს განვითარებაში და ერთი რამ ზუსტად ვიცი - არასოდეს, არასოდეს არ დავუშვებ „ნაციონალური მოძრაობის“ აღზევებას... ანუ იმ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რომელმაც ჩემს ხალხს და ქვეყანას უამრავი დიდი ტკივილი მიაყენა!

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner