ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ეს კანონპროექტი პარლამენტში იმიტომ გააქვთ, რომ გიორგი კვესიტაძე და როინ მეტრეველი თანამდებობიდან გადადგნენ", - ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა, რომელიც „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის" შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.
ელიზბარ ჯაველიძემ კანონროექტით გათვალისწინებული სტიპენდიის ინსტიტუტის შესაძლო დაწესება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამით წევრ-კორესპონდენტის სტატუსით გარდაცვლილი ქართველი მეცნიერების უგულებელყოფა მოხდება. ელიზბარ ჯაველიძემ ასევე მიმართა დარბაზში მყოფ პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს და განაცხადა, რომ იგი ეროვნული აკადემიის წინააღმდეგაა.
„აქ არის შეთქმულება, ოთხი წელია ივანე კიღურაძე ებრძვის ეროვნულ აკადემიას. მას აქვს ნათქვამი, რომ სანამ კომიტეტის თავმჯდომარეა, აკადემიიდან არც ერთი წინადადება პარლამენტში არ გავა", - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.