დავით ნარმანიას თბილისის მერობის ვადა 7 თვის წინ ამოეწურა. დედაქალაქის ყოფილი პირველი პირი ამბობს, რომ მერობის პერიოდში 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იყო და ერთი თავისუფალი დღეც არ ჰქონდა. დღეს ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისიაში მუშაობს, უკვე დასვენების დღეებიც აქვს, ოჯახსაც მეტ დროს უთმობს და არც საყვარელი ჰობი ავიწყდება. ჟურნალმა „სარკემ“ თბილისის ყოფილ მერთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:
- თბილისის მერობა 24 საათიან სამუშაო რეჟიმს მოითხოვს, ახლა კი ასეთი დატვირთვით არ ვმუშაობ... შაბათობით უნივერსიტეტში მაქვს ლექციები, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. უნივერსიტეტი არასდროს მიმიტოვებია, მერობის პერიოდშიც კი.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ თბილისის მერზე, კახა კალაძეზე?
- კახა კალაძე ჩემი მეგობარია. მან აქტიურად და სერიოზულად დაიწყო იმ საქმის კეთება, რომელიც მე ვერ მოვახერხე ან ვერ მოვასწარი. მისი მერობა წარმატებული და პროდუქტიული იქნება.
რაც შეეხება კახის აქტიურობას, მან მოახერხა კონსოლიდაცია საზოგადოებასთან, რომ გამოაჩინოს ყველა საქმე - ეს მცირეა თუ დიდი, მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კეთდება დედაქალაქში.