logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: მთავრობის პოლიტიკა მიმართულია სწორედ იმაზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი წახალისდეს
- +

7 ივნისი. 2018. 20:10

 

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებით ცუდი არ მოხდა, ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური მაჩვენებლები შენარჩუნდება და მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ამის შესახებ ანგურიძემ სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დასაქმებასა და საწარმოთა ბრუნვის ზრდის მაჩვენებლების შესახებ დასმული აქცენტების კომენტირებისას განაცხადა.

 

„ზოგადად, ეს ციფრები ძალიან პოზიტიურია და ვფიქრობ, კარგი ტენდენცია შეინიშნება იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს გაუმჯობესებული, როგორც საერთო მონაცემებში, ისე ბრუნვის ნაწილშიც. თუ გასული წლის პირველ კვარტალს შევადარებთ, განსაკუთრებით პოზიტიურია ის გარემოება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა არის საკმაოდ გაუმჯობესებული, ეს არის დაახლოებით 20%-ზე ცოტა მეტი. ეს კარგია და განსაკუთრებით პოზიტიური მაჩვენებელია. ვფიქრობ, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება და ეს აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც. სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი. მთავრობის პოლიტიკა მიმართული არის სწორედ იმაზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი წახალისდეს სხვადასხვა პროექტებით და ფონდებით. რაც შეეხება მოლოდინებს, სავარაუდოდ პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში, თუ ჩვენ შევადარებთ სტატისტიკურ მონაცემებს, ვნახავთ, რომ წლიდან წლამდე ზრდა და პოზიტიური მაჩვენებლები გვაქვს. თუ ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებით ცუდი არ მოხდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება შემდეგ კვარტლებშიც“, - განაცხადა ანგურიძემ.

 

ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისათვის 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი და 1106 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18,6%-ით და ჯამურად შეადგინა 18 მლრდ ლარი.

 

 

„4 ივნისს სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2018 წლის პირველი კვარტლის ბიზნეს სექტორის სტატისტიკა, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო და გარკვეული აქცენტები გავაკეთო. საქართველოს ეკონომიკა და მისი მდრადობა დამყარებულია კერძო სექტორის განვითარებაზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ვითარდება კერძო სექტორი. სწორედ ამ მონაცემებზე მინდა ვისაუბრო. 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18,6%-ით და ჯამურად შეადგინა 18 მლრდ ლარი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20%-ით. მათ შორის საშუალო საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 20,5%-ით ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 19,6%-ით, მაშინ, როცა მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 17,1%-ით, გამოშვება გაზრდილია ასევე 16%-ით და 8,7 მლრდ ლარი შეადგინა. აქაც მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოების ზრდა გვაქვს საკმაოდ კარგი. საშუალო საწარმოების ზრდა გვაქვს 17,7% მცირე საწარმოების ზრდა გვაქვს 16,5%, ხოლო დიდი საწარმოების ზრდა გვაქვს 14,6%. რა თქმა უნდა ეს უნდა ასახულიყო და კიდეც აისახა დასაქმებაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5,3%-ით გაიზარდა და მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 5,7%-ით.

 

მინისტრის შეფასებით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner