logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბათუმის „გაზაფხული“ - რეპეტიცია, თბილისის „ზაფხული“ - პრემიერა - ტაში, რეჟისორს!!!
- +

7 ივნისი. 2018. 23:40

 

SOS !!! SOS !!! SOS !!!

 

**************************

 

ბათუმის „გაზაფხული“ - რეპეტიცია,

თბილისის „ზაფხული“ - პრემიერა:

ტაში, რეჟისორს!!!

*******************************************

 

ეს წერილი ( http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=39705 ) შარშანდელია, 17 მარტს გამოვაქვეყნე, ჩემს გვერდზე, მერე "რეპორტიორმა" გადაბეჭდა. ეს მასალა ცხელ გულზე დაიწერა, ბათუმის სამარცხვინო მოვლენების კვალდაკვალ, როცა რამდენიმე საათი ეს უმშვენიერესი ქალაქი ვანდალების და ხულიგნების ხელში "აღმოჩნდა", და მათ, პრაქტიკულად, იგი დაარბიეს...

 

დასკვნები და შეფასებები, პირველი თუ განმეორებითი გაცნობის შემთხვევაში, მკითხველმა თავად გააკეთოს. მე, უბრალოდ, მიგანიშნებთ იმას, რომ წყლის ორი წვეთივით გაქვს ახლანდელი თბილისური (და არა მარტო) ზაფხულის "არეულობის" ტექნოლოგია ბათუმური გაზაფხულისას...

 

სამწუხაროა ეს, რამეთუ:

 

  1. მმართველი ძალა (პარტია, სახელმწიფო სტრუქტურები, ლიდერები, აქტივი...) სწორ, საფუძვლიან, კომპეტენტურ დასკვნებს ვერ აკეთებს და არამცთუ სხვის, საკუთარ შეცდომებსაც ვერ იყენებს გაკვეთილად და არ სწავლობს მათზე.

 

  1. მაშინაც და ახლაც სერიოზული კრიზისული მოვლენები შეიძლებოდა თავშივე განმუხტულიყო, თუ კი რომელიმე (!) ოდნავ ჭკვიან, ოდნავ გამოცდილ, ოდნავ მზრუნველ, ოდნავ თბილ და ოდნავ კომპეტენტურ ჩინოსანს გულთან ახლო მიეტანა გაჭირვებული, ტკივილიანი ადამიანის გასაჭირი და მოქცეულიყო ელემენტარული ადამიანური ურთიერთობის ფარგლებში.

 

შედეგი ცნობილია! ბათუმშიც და თბილისშიც. ოღონდ... ჯერ-ჯერობით არა საბოლოო(!!!) შედეგი!..

 

მოქმედ ხელისუფალთ, ცენტრშიც და რეგიონებშიც, ეტყობა, ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი პოლიტიკის მიზანი და შედეგი არის ხალხი, მისი განწყობა, მისი სულიერი და მატერიალური ცხოვრების დონე, შთამომავლობის მომავლის პერსპექტივის რწმენა.

 

ამ წერილის მიზანი სწორედ ამ ფუნდამენტური მიზნების შეხსენება იყო ხელისუფალთათვის, არა რაიმე სიახლის, არამედ იმისი, რასაც დაპირდნენ ხალხს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ. შეხსენება ბათუმის ტრაგიკული და შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, რაც გახლდათ მთლად პირველი არა, მაგრამ ყველაზე მძლავრი "შეძახება", თანაც, მეტისმეტად უარყოფითი, "ქართული ოცნების" ხუთწლიანი მმართველობის მანძილზე.

 

სამწუხაროდ ამ "შეძახილმა" (ისევე, როგორც და ქართული მედიის წამყვან სტრუქტურები არაერთმა პუბლიკაციამ) ადრესატს არ მიაღწია. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მმართველობით აპარატში არ უყვართ კითხვა - არც გაზეთების, არც ჟურნალების, არც ადგილობრივი და უცხოეთის გამოცდილებით "დატენილი" ლიტერატურის; არ უყვართ მოსმენა არც სერიოზული რადიო-გადაცემების. ამ "საქმეზე" გამოყოფილი ჩინოსნების მთავარი საზრუნავი ერთ ან ორ ოპოზიციურ ტელეარხთან ბრძოლაა. როგორ "შედეგიანად" იბრძვიან, ამას მთელი ქვეყანა ადევნებს თვალს - ზოგი გულშემატკივრის სულისკვეთებით, ზოგი კი ... ტელეარხების მესვეურთა და მმართველი ძალის გულიანი "შემკობით".

 

ეგებ ღირდა ამ წერილის (ისევე, როგორც მედიის სხვა პუბლიკაციების) მეგობრული, გულწრფელი, გულშემატკივრული მოწოდებების გაზიარება, ადექვატური დასკვნების გაკეთება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა?

 

თავად განსაჯეთ:

 

"...და ადამიანებისადმი ეს ყურადღება ისე "ბღუჯა-ბღუჯად" უნდა ვლინდებოდეს, რომ მოსახლეობას სასიამოვნოდ "აჟრიალებდეს" (ბ-ნ ქუმსიშვილს დავესესხე) და არა ისე ("დედების მოკითხვით"), როგორც მაშინ, როცა ეცნობა იმ პრემიების რაოდენობას, ასე ურცხვად რომ "აჯილდოვებენ" საკუთარ თავს "ხალხის მსახური პერსონები" და უტიფრად ამართლებენ ყოველგვარ ზღვარგადასულობას (ამ შემთხვევაში, თუნდაც, "ცეესკო"-ს ქალბატონი "ბოსის" შემთხვევა აბსოლუტურად უნიკალურია). და მერე ვინმეს უკვირს რატომ მიმართავენ ადამიანები ქუჩას?

 

დიახ, ქუჩას და, ვვარაუდობ, რომ ნელ-ნელა ქუჩა გადაიქცევა პოლიტიკური პაექრობა-დაპირისპირების არენად. მით უმეტეს, მარტი (!!!) დადგა და... "დათბობა" წინ გველის!

 

სხვათაშორის, თავის დროზე, ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ "ქუჩით"! და როცა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დაკარგეს ქუჩა, დაკარგეს ხელისუფლებაც...

 

„ნაცმოძრაობაც“ მოვიდა "ქუჩით" და ადექვატური ლოზუნგებით! 2012 წლის არჩევნებამდე სამი დღით ადრე თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის პროსპექტზე გამართულმა "ქოცების" ხალხმრავალმა დემონსტრაციამ დაანონსა... ნაცების მხრიდამ "ქუჩის" დაკარგვა!

 

შედეგი ცნობილია!

 

ანუ, „ქართული ოცნებაც“ პოლიტიკაში მოვიდა "ქუჩით" და, ალბათ, არ უნდა იყოს საკამათო ის მოვლენა, რომ დღესდღეობით ისე ჩანს, რომ მმართველი ძალა კარგავს კონტროლს „ქუჩაზე“.

 

და ეს მოსაზრება რომ სწორად იქნეს აღქმული, ვაზუსტებ: "ქუჩით" მოსვლა არ ნიშნავს „ქუჩურ" საუბარს და ქცევა-ქმედებას, ისე, როგორც ეს მოხდა ბათუმში. (ჩავამატებ: ისე, როგორც ხდება პარლამენტის წინ, თბილისში.)

 

ბათუმურმა "გაზაფხულმა" (ისევ ჩავამატებ: ახლა თბილისურმა "ზაფხულმაც") დაგვანახა, რომ "ქუჩა" დავიწყებული არ არის! და რაც არ უნდა გულნატკენი ვიყოთ ვანდალიზმით, ზოგიერთების პრიმიტიული აზროვნებით, ბილწსიტყვაობით, აშკარა პროვოკატორთა აბსოლუტურად მიუღებელი ულტიმატუმებით, უნდა ვაღაროთ, რომ მოგვწონს თუ არა, ყველაფერი მეტყველებს იმის საშიშროებაზე, რომ, სამწუხაროდ, "ქუჩა" კვლავ რჩება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ამ "იარაღს" ახლა "ასუფთავებენ", "ამზადებენ" მომავლისთვის, იყენებენ მოსამზადებლად, გასაწვრთნელად ისინი, ვისაც ამ მხრივ მეტი გამოცდილება აქვს.

 

პოლიტიკური პრაქტიკა მარტო გონიერებაზე არ არის გათვლილ-დაფუძნებული! რისკს და „თავხედობას“ თავისი წილი შეაქვს გამარჯვებაში („ვარდების რევოლუცია“ ამის დასტურია). დღევანდელმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნებლიედ გასცა „საიდუმლო“: კი, „კოკამ წყალი“ ამჯერად არ მოიტანა, მაგრამ, ხომ გაგვიგია, „ცდა ბედის მონახევრეაო"...

 

„ბათუმური გაზაფხული“ გაკვეთილია. გაკვეთილი ნიჭიერი, დაფიქრებული, სწავლას მოწყურებული „მოსწავლეებისთვის“. ამ ინციდენტმა გამოცდილება უნდა შემატოს მათ ვისაც სწავლა უნდა, ვისაც ქვეყანა „უყვარს თავის თავში და არა საკუთარი თავი ქვეყანაში“. რატომღაც მგონია, რომ...

 

მეტისმეტად სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“, მისი მთავრობა, მისი ორ-სამ თვეში ცხვირაწეული და „სხვისი“ ძალით გადიდგულებული „ელიტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს კლასიკას: ისტორია ასწავლის იმას, რომ... არაფერს ასწავლის!“

 

ეს მინდოდა "შესავლად" მეთქვა. დანარჩენს, თუ დრო და სურვილი გაქვთ, თავად გაეცანით და დარწმუნდით: ბათუმური "გაზაფხული" გახლდათ რ ე პ ე ტ ი ც ი ა!

 

პ რ ე მ ი ე რ ა კი ახლა მიმდინარეობს პარლამენტის წინ, თბილისში.

 

მიდით, ბიჭებო, „დაუკარით, ძველებური...“

 

რეჟისორს კი ტაში!!!!!

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner