logo_geo
eng_logo
პროკურატურის განცხადება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით
- +

8 ივნისი. 2018. 19:06

 

 

„განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2018 წლის 7 ივნისს საქართველოს პროკურატურას წერილობით მომართა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმის მასალებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე ორი ბრალდებულის მიმართ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო ამავე შემთხვევასთან დაკავშირებული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტებზე განხილვა მიმდინარეობს ამავე სასამართლოში. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულების სხვა ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში,  დროებით  საგამოძიებო  კომისიას მიეცა თანხმობა კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სრული მოცულობით გაეცნოს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს.

 

საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner