„9 მაისს ვაკის პარკში „ნაცმოძრაობის" ზონდრები პროვოკაციებს გეგმავენ", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს. მისი თქმით, პროვოკაციები იგეგმება ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან.
„ჩვენი ინფორმაციით, 9 მაისს ვაკის პარკში „ნაცმოძრაობის" ზონდერები პროვოკაციებს გეგმავენ. უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მისული პირების მიმართ დაგეგმილია შეურაცხყოფების მიყენება და ფიზიკური დაპირისპირების ინსცენირება. ამას „ნაცმოძრაობის" სატელიტები ყოველთვის აკეთებენ, მაგრამ წელს ისინი განსაკუთრებული გულმოდგინებით ემზადებიან, რათა შემდეგომში მათმა ტელევიზიებმა მსოფლიო საზოგადოების წინაშე ისე წარმოაჩინონ ვითარება, რომ ქართველი ხალხი კი არ აღნიშნავს 9 მაისს, არამედ მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი.
მეორე მსოფლიო ომში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი დანაკლისი საქართველომ განიცადა. ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი გაიწვიეს, მათგან 300 ათასი დაიღუპა, 100 ათასამდე კი ხეიბარი დარჩა.
9 მაისის გამარჯვებაში ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს, რათა სათანადოდ იქნეს აღნიშნული ეს დღე და ასევე მიღებული იქნას ზომები, რომ არ მოხდეს ნაცზონდერების მიერ პროვოკაციების მოწყობა ვაკის პარკთან", -განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.