სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ სამი ახალი საწარმო შეიქმნება, - სოფელ მარტყოფში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული მეურნეობის, დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მინერალური პროდუქტების საწარმოს პროექტებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
სოფელ მარტყოფში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერულ მეურნეობას კომპანია „მარტყოფის ბაგა" ააშენებს, რისთვისაც გათვალისწინებული აქვს 2,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია;
1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატის მშენებლობაში;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობაში კი შპს „ასკანგელ ალიანსი" 200 ათას ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7 500 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.
პროექტების ნაწილი უკვე ფუნქციონირებს, მეორე ნაწილი კი იმყოფება იმ ორწლიან ვადაში, როდესაც უნდა დასრულდეს საწყისი ინვესტიციები, რათა კომპანიებმა ფუნქციონირება დაიწყოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს და ფიქრობს, რომ კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება.
მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ კომპანიების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის პროცესში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ თითოეული ასეთი პროექტი განსაზღვრულია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ძალიან ხშირად საჭიროა მეტი ინფორმაციის მიტანა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც რამდენიმე საწარმო ვიზუალურად კარგად წარადგინა.
„სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცით, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მინდა, ყველა თქვენგანს მოვუწოდო, მაქსიმალურად შევეცადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ", - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.